18 დეკემბერი, 2018
გაიცანით მასწავლებელი ყვარლიდან, რომელიც მოსწავლეებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს
„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“-კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსი საგანმანათლებლო ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ
www.izrune.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. facebook-ზე მოწონებების მიხედვით,
პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა.
მეორე ადგილი მოიპოვა თბილისის N106 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტომ, რომელსაც 969 მოწონება აქვს.
გამარჯვებულებს შორის წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IV კლასის პედაგოგი ქეთევან ოჩინსკიც მოხვდა.
www.izrune.ge-ს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები ამჯერად ყვარლის გიმნაზიის გმასწავლებელმა გაუზიარა.
ქეთევან ოჩინსკი, წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IV კლასის მზრუნველი დამრიგებლი:
„ამ არაჩვეულებრივი კონკურსის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე. ჩემმა კლასმა და მშობლებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა მიგვეღო ამ შეჯიბრებაში. ნამდვილად არ ველოდი მესამე ადგილის მოპოვებას. ჩემმა ფოტომ 736 მოწონება დააგროვა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამომაცხადეს, რათა დიპლომი გადმოეცათ აღუწერელი სიხარული ვიგრძენი. მსგავსი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს უფრო მეტად უმაღლდება მოტივაცია. როდესაც სკოლაში დავბრუნდი ჩემი მოსწავლეები ამ წარმატებას ხტუნვა-ხტუნვით მილოცავდნენ.“