01 ნოემბერი, 2017
საქართველოს 15 სკოლაში განათლების ესტონური მოდელი დაინერგება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდისთან ერთად, თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში ესტონეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამის მიმდინარეობა გააცნო.
თბილისის 150-ე სკოლაში სტუმრობის შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება:
„ესტონეთი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი განათლების რეფორმების პროცესში. საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება, რაც გულისხმობს როგორც მასწავლებლების გადამზადებას, ასევე სასწავლო პროგრამაში ცვლილებებსა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას. ესტონური სკოლები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესტონეთის პრეზიდენტმა მოსწავლეების ძალიან საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი და მათ საკლასო ოთახებში გამოსაყენებლად თანამედროვე ტექნიკა გადასცა.'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.