მათემატიკა ერთ-ერთია ტექნიკური საგნებიდან, რომლის სწავლა ბავშვების უმეტესობას არ უყვარს. ამბობენ, რომ თუ თანდაყოლილი უნარი არ გაქვს, ვერ ისწავლიო. მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლეებს საგნის მიმართ ინტერესს უკარგავს. როგორც წესი, მოსწავლეები ამბობენ, რომ მათემატიკის ნიჭი არ აქვთ და ვერასოდეს შეძლებენ ამ საგანში სასურველი ნიშნის მიღებას.
www.izrune.ge ამ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებს ესაუბრა. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვები მათემატიკის სწავლით კი არ უნდა შევაშინოთ, პირიქით-უნდა დავაინტერესოთ.
სალომე საბიაშვილი ფსიქოლოგი :
,, პირველ რიგში, აუცილებელია თვითონ მშობლები მიუდგნენ მათემატიკას, როგორც რაღაც შემოქმედებითს, საინტერესოს, სახალისოს. ხშირად მშობლები თვითონ ეუბნებიან შვილებს ,,ჩვენ ჰუმანიტარები ვართ, მათემატიკა არასდროს გვესმოდა და შენ აბა საიდან გექნება მათემატიკური ტვინი?!“ შესაბამისად, ბავშვს ექმნება წინასწარი განწყობა, რომ ამ საგანს ვერ აითვისებს. ამიტომ, ასეთი გამონათქვამებისაგნ მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ და ამ მეცნიერებას მეტი პოზიტიური განმარტება მისცენ.
ბავშვები კი არ უნდა შევაშინოთ, პირიქით, - უნდა დავაინტერესოთ!
როგორ?
ჩვენ მუდმივად გარშემორტყმულნი ვართ ციფრებით: საათებით, რომლებიც დროს გვიჩვენებენ, სამარშრუტო ტაქსების, სახლების, ქუჩების ნომრებით, ფულით, რონელსაც ვითვლით, როცა საყიდლებზე მივდივართ... ჩავრთოთ ბავშვები ზრდასრულ ცხოვრებაში. მაგალითად, როცა კინოში მივდივართ, მივცეთ მათ ბილეთები და ვთხოვოთ დამოუკიდებლად მოძებნონ ის რიგი და ადგილები, რაც ბილეთებზეა მითითებული. მათემატიკა ყველგანაა და თუ ბავშვები ამას მიხვდებიან, შემდგომში აღარ დასვამენ კითხვას - „ რისთვის მჭირდება მათემატიკა?!“
უნდა გვახსოვდეს, რომ მათემატიკა მეცადინეობით კი არა თამაშით ვასწავლოთ ბავშვებს. ცალკეული ციფრების მიმატება- გამოკლება ვერ შეაყვარებს მათ ამ საგანს, საჭიროა თამაში. რადგან თამაშში ბავშვი თავისუფლად გრძნობს თავს, ეს ის პროცესია, სადაც ის შემოქმედებით ფრთებს შლის.
როგორ ვასწავლოთ თამაშ-თამაშით მათემატიკა?
ავიღოთ კანფეტები, ფერადი ფანქრები, ხილი... ნებისმიერი საგანი, რაც ბავშვში ინტერესს აღძრავს. შევთხზათ ცოცხალი ამოცანები მრავალფეროვანი საგნებითა და ადამიანებით; მაგ: ავიღოთ 6 ვაშლი, შევთავაზოთ ბავშვს გაყოს შუაზე და გვითხრას რამდენი აქვს თვითონ, რამდენი ჩვენ. შემდეგ 1 ვაშლი უკან დავუბრუნოთ და ვკითხოთ ახლა რამდენი ვაშლი აქვს მას? შეგვიძლია გავაგრძელოთ და სხვა პერსონაჟი, მაგალითად ბავშვის მამა შემოვიყვანოთ, ვუთხრათ რომ 2 ვაშლი მამამ აიღო. ახლა რამდენი ვაშლი აქვს მას და ა.შ. ჩართეთ თქვენი ფანტაზია და ბავშვსაც საშუალება მიეცით იფანტაზიოროს.აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მათემატიკური ამოცანების შესრულების სწავლა ბავშვისთვის მშობლისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. ამ პროცესში მშობელი მეგობრულად უნდა მიუდგეს შვილს, ყოველგვარი კრიტიკისა და შედარებებისგან თავი შეიკავოს (ბავშვს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების) და მისცეს რწმენა, რომ დაუძლეველი არაფერია და თუ მოინდომებს შეძლებს მათემატიკის სწავლას . ''
ნინო თოფურია ფსიქოლოგი :
,,საჭიროა ყურადღება მივაქციოთ თამაშს, ვინაიდან ეს ბავშვისთვის სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის ერთგვარი მაკეტია.
თუ გვსურს ბავშვს ჩამოვუყალიბოთ ანალიზისა და დაკვირვების უნარი, სასურველია მას ჰქონდეს არა უამრავი სათამაშო, რომელთა გამოყენება რეალურად არც იცის, არამედ რამდენიმე , რომელსაც ფანტაზიის გამოყენებით ბევრნაირი დანიშნულება შეგვიძლია მოვუძებნოთ. ბავშვთან ხშირი საუბარი (იგულისხმება პირისპირი საუბარი) ავითარებს მის სმენას, გონებრივ შესაძლებლობებსა და ასევე, ამდიდრებს მის ლექსიკას. წაუკითხეთ ზღაპრები და იმსჯელეთ მასთან ერთად, მოუყევით თქვენი დღის შესახებ, გაიყვანეთ სასეირნოდ . აღწერეთ გარემო - ფერები, სუნები - და შეეხოს საგნებს, შეიგრძნოს ისინი; ასევე მოასმენინეთ ცოცხალ მუსიკას. მსგავსი აქტივობებით თქვენ ხელს შეუწყობთ გაიცნოს სამყარო და შესაბამისად ადაპტირდეს მასში. ბავშვს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება შემეცნებისადმი დადებითი დამოკიდებულება.
თუ გვსურს ბავშვმა ისწავლოს, იქნება ეს დათვლა თუ ახალი სიტყვები, ამ პროცესს უნდა მივცეთ თამაშის ფორმა და ვასწავლოთ არა მხოლოდ ინტერნეტში ვიდეოს ყურებით, არამედ მივცეთ ხელში ფერადი კენჭები ან დავაკრათ თითებზე სტიკერები და მასთან ერთად დავითვალოთ. გამოვჭრათ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა ფერადი ფურცლებისგან და ვასწავლოთ ფიგურების სახელწოდებები;
სწორად შერჩეული მეთოდებით ათვისებული ცოდნის დადებითი მხარეა ის, რომ სკოლაში მისულ ბავშვს ხვდება უკვე მისთვის ნაცნობი სიტუაცია და სწავლა მის მიერ აღიქმება, როგორც დადებითი მოვლენა.
იმედი გვაქვს ფსიქოლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ ბავშვებს მათემატიკის სწავლა შეაყვაროთ.