რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან - დღის რომელ მონაკვეთში სჯობს შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა?
ბავშვის განათლება ყველა მშობლისთვის უპირველესი და მნიშვნელოვანი საკითხია. ბევრ მშობელს აინტერესებს დღის რომელ მონაკვეთში სჯობს მოსწავლის გონებრივად დატვირთვა, სხვადასხვა სამეცნიერო თუ შემოქმედებით წრეებზე სიარული და ა.შ
გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც ბავშვის სასწავლო გრაფიკის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
ნინო თოფურია ფსიქოლოგი :
„გააჩნია ბავშვი ქრონობიოლოგიის რომელ კონკრეტულ ტიპს განეკუთვნება. სავარაუდოდ შეგიმჩნევიათ, რომ დღის განმავლობაში ყოველ ჩვენგანს ახასიათებს ერთ მონაკვეთში აქტიური, ხოლო მეორე მონაკვეთში პასიური მდგომარეობები. შესაძლოა ცნობილია თქვენთვის, რომ ქრონობიოტიპების მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს ტოროლა, მტრედი ან ბუ. ამიტომ გააჩნია ბავშვისთვის დღის რომელი მონაკვეთია უფრო აქტიური გონებრივი დატვირთვისთვის. თუ ბავშვი მიეკუთვნება ტოროლას ტიპს, მისთვის საუკეთესოა დილის მონაკვეთი; ბუს ტიპს გონება საღამოს პერიოდში ეხსნება, ხოლო მტრედისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დღის რომელ მონაკვეთში იმეცადინებს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცადინეობამ ან ნებისმიერ წრეზე სიარულმა გვიანობამდე არ უნდა გასტანოს, ვინაიდან ეს გამოიწვევს ტვინის გადაღლას, რაც ხელს შეუშლის ბავშვს დროულად დაძინებასა და შესაბამისად დროულად გაღვიძებაში. იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ნასწავლი გონებაში დალაგდეს, სასურველია ბავშვმა კარგად გამოიძინოს. დააკვირდით, ბავშვი დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე აქტიური, ენერგიული და ამის მიხედვით, შეადგინეთ მისი მეცადინეობის გრაფიკიც.“
სალომე საბიაშვილი ფსიქოთერაპევტი :
,,
www.izrune.ge- ს ვებ-გვერდთთან მიმართებაში მშობლებს ვურჩევ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტესტები დღის პირველ ნახევარში გააკეთებინონ, რაგდან ბავშვის გონება დასვენებულია და უფრო პროდუქტიულად შეძლებს საკუთარი ცოდნის გამოვლენას. რაც შეეხება უფროსკლასელებს, მათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ტესტების გავლა საკუთარი სურვილისამებრ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ბავშვი ინდივიდუალური შესაძლებლობების მქონეა და ვინაიდან საუბარია კლასგარეშე აქტივობაზე ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი სავარჯიშოების გავლა მათი სურვილის მიხედვით უნდა მოხდეს. მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვი დღის რომელ მონაკვეთშია უფრო პროდუქტიული, მოტივირებული და ამის მიხედვით გადაწყვიტოს დილით გააკეთებინოს ტესტები, შუადღეს თუ საღამოს.“
ნინო ტაბუცაძე-ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ფსიქოთერაპევტი:
„კონკრეტულად დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ბავშვისთვის გონებრივი დატვირთვა რთული სათქმელია, რადგან ეს დამოკიდებულია ბავშვზე მის ასაკზე, მის ბიოლოგიურ რითმზე… მშობელი უნდა დააკვირდეს დღის რომელ მონაკვეთშია ბავშვი უფრო პროდუქტიული და რამდენად მოტივირებულია მისი შვილი ახალი ინფორმაციის მისაღებად. შეიძლება იმდენად მოტივირებული იყოს , რომ ფიზიკური და გონებრივი დაღლის მიუხედავად სიხარულით დაკავდეს სხვადასხვა აქტივობებით და კარგად აითვისოს ახალი მასალა. თუ ტესტირების დროს ბავშვს კონკრეტული დრო აქვს მიცემული და ეშინია, რომ ვერ მოასწრებს, ემოციურად არის განწყობილი და აფორიაქებულია, ასეთ შემთხვევაში პედაგოგები და მშობლები მშვიდად უნდა მიუდგნენ და არ უნდა დაატანონ ძალა, რომ მაშინვე გააკეთოს ესა თუ ის დავალება, რადგან ეს კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. მნიშნელოვანია, რომ სწავლის პროცესში მოსწავლე წახახალისდეს.“
ფსიქოლოგთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ მშობლები და პედაგოგები მოსწავლეს მოთმინებით უნდა მიუდგნენ და მათი უნარებისა და შესაძლებობების შესაბამისად განსაზღვრონ თუ რა დოზით დატვირთონ ისინი სასწავლო პროცესისას.“