მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ბავშვის აღზრდისას მშობლები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს. სკოლა ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც ბავშვი განათლების გარდა იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მეგობრებს, პიროვნულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.
ზოგ ბავშვს თანატოლებთან თუ კლასელებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დამყარება უჭირს, მშობელმა კი არ იცის როგორ დაეხმაროს.
ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დროული რეაგირება.
სალომე საბიაშვილი ფსიქოთერაპევტი:
„ როგორც წესი, პირველი მასწავლებელი ამჩნევს ამ პრობლემას, ამიტომ არ უნდა გაჩუმდეს, „თვალი არ უნდა დახუჭოს,“ შეეცადოს გამომწვევი მიზეზების გამორკვევას (დაელაპარაკოს თვითონ ბავშვს, მშობლებს) და საჭიროების შემთხვევაში ჩართოს სკოლის ფსიქოლოგი. მთავარი ასეთ დროს სწრაფი რეაგირებაა! ბავშვის ასეთი ქცევის გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, დაწყებული სკოლასთან ადაპტაციის სირთულით, დამთავრებული სასკოლო ძალადობით, იგივე ბულინგით.“
ფსიქოთერაპევტის თქმით, მიზეზის გამორკვევა მშობლისა და მასწავლებლის პირველი ამოცანაა. როგორ მოიქცეთ?
„როგორც კი არსებულ პრობლემას შეამჩნევთ (შესაძლოა თვითონ მშობელმა შენიშნოთ ან მასწავლებელმა ჩაგაყენოთ საქმის კურსში), აუცილებელია: გახსნილად და მეგობრულად ესაუბროთ ბავშვს. მოუსმინოთ ისე, რომ არ შეაწყვეტინოთ ლაპარაკი. მას უნდა აჩვენოთ, რომ მისი პრობლემა თქვენთვის მნიშვნელოვანია. შვილამდე მიიტანეთ, რომ პატივს სცემთ მას, გიყვართ ისეთი, როგორიც არის და მის ნებისმიერ ქცევას გაგებით, გაკიცხვის გარეშე, მოეკიდებით. შეეცადეთ მოძებნოთ პრობლემის მოგვარების ერთობლივი ვარიანტები, რომელიც მოსახერხებელი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვისაც. კარგი იქნება თუ ხელს შეუწყობთ შვილის თანაკლასელებთან დაახლოების პროცესს, მაგ: დაპატიჟებთ სახლში, მოაწყობთ ერთად გასვლებს ქალაქგარეთ, გასართობ ცენტრებში და ა.შ. არ ღირს სკოლაში მივარდნა და შვილის თანაკლასელებთან თუ მასწავლებლებთან საქმის განხილვა. თუ საქმე ბულინგს ეხება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენი შვილის მდგომარეობას. ბავშვისა და მისი კლასელების გარეშე გაესაუბრეთ დამრიგებელს, მანდატურს, სკოლის ფსიქოლოგს, აუხსენით საქმის ვითარება, მოისმინეთ მათი აზრი და შეეცდეთ ერთად დაგეგმოთ ბავშვის დახმარების სტრატეგია.“
ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევა ბევრად უფრო შედეგიანი იქნება.
„ბავშვს მოუყევით თქვენ (ან ნებისმიერი რეალური ადამიანი, ვისაც ბავშვი იცნობს და მისთვის ავტორიტეტია) როგორ უმკლავდებოდით მის ასაკში მსგავს პრობლემებს. ეს ბავშვს მისცემს ძალას თავად სცადოს პრობლემებთან გამკლავება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ვერ აყალიბებს ან არ სურს ისაუბროს თუ რა აწუხებს, ამჩნევთ რომ არ აქვს საკმარისი რესურსი გაუმკლავდეს პრობლემას, აუცილებელია ჩართოთ სკოლის გარეთ სპეციალისტი, ფსიქოთერაპევტი. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ხშირად ბავშვის ამგვარ სირთულეებთან შეხვედრა და მისი გადაჭრა ან ვერგადაჭრა მისი შემდგომი წარმატების თუ წარუმატებლობის განმსაზღვრელი ხდება. ამიტომ აუცილებელია დროული რეაგირება და ყველა იმ ადამიანის ჩართვა, რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული პრობლემის მოგვარებაში.“
ნინო თოფურია ფსიქოლოგი:
„მსგავს შემთხვევაში წამყვანი როლი ენიჭება ნდობას. ბავშვი იკეტება საკუთარ თავში მაშინ, როდესაც არ არის მისთვის უსაფრთხო და სანდო გარემოში. ბავშვში ნდობის მოსაპოვებლად მშობელიც და პედაგოგიც მის პიროვნებას უნდა მიუდგნენ, როგორც თანასწორს, ხოლო მის პრობლემებს, როგორც სერიოზულს. მნიშვნელოვანია ბავშვმა ჩვენგან იგრძნოს არა მისი კრიტიკისადმი და ჭკუის სწავლებისადმი მზაობა, არამედ უპირობო ემოციური მხარდაჭერა.
ამისათვის შესანიშნავია გულწრფელი და ორმხრივი საუბარი. სასურველია მშობელმა შვილს მოუყვეს თავისი დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, გაუზიაროს მას თავისი ემოციები, შესაბამისად, მსგავსი ქმედებით ბავშვსაც სურვილს გავუღვიძებთ, რომ გვენდოს და მოგვიყვეს საკუთარი განცდების შესახებ. მეგობრული და თბილი მობყრობა დაგვეხმარება ჩაკეტილ ბავშვთან კომუნიკაციაში. როდესაც ბავშვს მშობლებთან ემოციური და მეგობრული ურთიერთობა აქვს, ასევე პედაგოგიც ეხმარება და თანადგომას უცხადებს, მას აღარ უჭირს თანატოლებს შორის ადგილის დამკვიდრება.“