„ბულინგი“- ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე. ბულინგი სოციალური მოვლენაა და დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში კი ეს არის სკოლა. შესაბამისად, ხშირად ტერმინ ბულინგს სასკოლო ძალადობის სინონიმადაც იყენებენ. ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა (მსხვერპლის გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების), მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, მასხრად აგდება, დამცირება.
www.izrune.ge ბულინგთან დაკავშირებით, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ფსიქოთერაპევტ სალომე საბიაშვილს ესაუბრა.
ფსიქოთერაპევტის თქმით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ის , ვინც ბულინგს მიმართავს, მიზნად მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას ისახავს.
„ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადნი თანატოლებისგან ფიზიკური თუ ფსიქიკური ნიშან-თვისებებით განსხვავებული ბავშვები არიან (ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები).
საკითხში უკეთ გასარკვევად დავახასიათოთ, როგორც მოძალადე (ბულერი), ასევე მსხვერპლი ბავშვი.
მოძალადის ტიპიური მახასიათებლებია:
• აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება.
• არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან.
• ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ.
• მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.
• თუ მოძალადე (ბულლყ ) ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:
• არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
• ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
• აქვთ დაბალი თვითშეფასება.
• მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
• არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.
• თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.“
როგორ მიხვდეთ რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია?
„დააკვირდით შემდეგ ნიშნებს: ბულინგის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელია გარკვეული ქცევითი და ემოციური მახასიათებლები.
ქცევითი მახასიათებლები:
• უფროსებისა და თანატოლებისგან დისტანცირება.
• ნეგატივიზმი ბულინგის თემის განხილვისას.
• აგრესიულობა.
ემოციური მახასიათებლები:
• დაძაბულობა და შიში თანატოლების დანახვისას.
• გაღიზიანებადობა და ფხუკიანობა.
• დარდი, წუხილი, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება.“
როგორ გაუმკლავდეთ ბულინგს?
“პირველ რიგში, თვალი არ უნდა დახუჭოთ პრობლემაზე. მასწავლებელმა (მთლიანად სკოლამ) პირველმა უნდა აღიაროს აღნიშნული პრობლემის არსებობა. სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. აუცილებელია ჩაერთოს პროფესიონალი ეს იქნება სკოლის ფსიქოლოგი თუ მოწვეული სპეციალისტი), რომელიც დაეხმარება სკოლას, ბულინგში მონაწილე ბავშვებს, მათ ოჯახებს პრობლემის აღმოფხვრაში. დახმარება მხოლოდ მსხვერპლ ბავშვს არ სჭირდება. დახმარება ასევე ძალიან სჭირდება მოძალადე ბავშვს! რადგან ხშირად, თვითონ ასეთი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არა სკოლაში, არამედ სახლში.“
ფსიქოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ამ პრობლემის ყველა მხრიდან შეფასება. მისი თქმით, უნდა შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
„მშობლებო, მაქსიმალურად მხარი დაუჭირეთ შვილებს, არ გააკრიტიკოთ, არავის შეადაროთ, არ შეარცხვინოთ, არ დატუქსოთ. დაარწმუნეთ, რომ მათი ბრალი არ არის რაც ხდება. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, იყავით გახსნილნი და მომთმენნი და რაც მთავარია არასდროს დაკარგოთ თქვენი შვილის რწმენა. ყველა ბავშვშვია რესურსი გაუმკლავდეს პრობლემებს და თქვენზეა დამოკიდებული ის ამას როგორ შეძლებს.“