მოსწავლეების დაბალი მოტივაცია და სიზარმაცე ყველა დროის აქტუალური საკითხია. შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ შვილს არ აქვს მოტივაცია და სურვილი ისწავლოს კარგად, დაწეროს დავალებები, სკოლაში არ დააგვიანოს, იაროს დამატებით წრეებზე და ა.შ
ცხადია ადამიანის მოტივაციის დაქვეითებას და გაზარმაცებას ყოველთვის აქვს მიზეზები, რომელთა გამორკვევის გარეშე, პრობლემის აღმოფხვრა წარმოუდგენელია.
პირველ რიგში უნდა გავიგოთ დაბალი მოტივაციის წინაპირობები, რომელებიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, ფსიქო-სოციალური ფაქტორებით ან ჯანმრთელობის პრობლემებით...
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას.
შეუქმენით კომფორტული გარემო
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახლში, მეცადინეობის პროცესში იყოს ნაკლები დაძაბულობა. შეუქმენით რაც შეიძლება კომფორტული და მისთვის მოსახერხებელი გარემო. მიეცით უფლება იქ იმეცადინოს, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს.
წაახალისეთ
წაახალისეთ შვილი კარგი სწავლისთვის. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. გარეგანია მოტივაცია, როდესაც მოსწავლე განხორციელებული სასწავლო აქტივობისთვის მაღალ ქულას ან ქებას ელის. შეაქეთ კარგად შესრულებული დავალებისთვის და დაანახეთ, რომ მისი მონდომება ფასდება.
ჩაუნერგეთ საკუთარი თავის რწმენა
მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბავშვის სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ბავშვი, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შედეგად მისი სწავლის მოტივაციაც დაბალია. ადექვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის კი შეუძლებელი არაფერია.
მიეცით მაგალითი
ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. თქვენი ან სხვისი მაგალითის მეშვეობით დაარწმუნეთ ბავშვი, რომ წარმატების მისაღწევად კარგად სწავლაა საჭირო.
არ გააკრიტიკოთ
არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ. საჯარო კრიტიკა ვნებს მოზარდის თვითშეფასებასა და მოტივაციას.