სხვადასხვა მიზეზის გამო მშობლებს ხშირად უწევთ ბავშვისთვის სკოლის გამოცვლა. ბევრმა მათგანმა არ იცის თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე სასკოლო გარემოს ხშირი ცვლა. კვლევების თანახმად, სკოლის ხშირმა შეცვლამ მოსწავლეზე შესაძლოა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მოსწავლეები, რომლებიც ხშირად იცვლიან სკოლას, აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: დაბალი აკადემიური მოსწრება, ქცევის პრობლემები, თანაკლასელებთან კონფლიქტები...
რატი ლურსმანაშვილი მერვე კლასის მოსწავლეა, რომელმაც სკოლა უკვე მესამედ გამოიცვალა. მოსწავლე
www.izrune.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირება რთულია.
„თავიდან ძალიან გამიჭირდა ამდენი სკოლის გამოცვლა. ახლიდან მიწევს თავის დამკვიდრება, მეგობრების გაჩენა, კლასის კურიკურუმთან შეგუება. ახალი მოსწავლე რომ ხარ ყველა შენ გიყურებს და გაკვირდება, რის გამოც გრცხვენია გაკვეთილის მოყოლის ან დავალების წაკითხვის. მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავი გამოიჩინო მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რათა თავის გუნდის წევრად მიგიღონ.“
ამ თემასთან დაკავშირებით
www.izrune.ge-ს ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილს ესაუბრა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული სიახლე, რომელიც ჩვეული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულია, ადამიანში იწვევს შფოთვის შეგრძნებას. მისი თქმით, ეს არის ადეკვატური რეაქცია გარემოში მიმდინარე განსხვავებულ მოვლენებზე. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ბავშვი ადაპტირდება სიახლესთან, რომელიც უკვე ხდება მისთვის ჩვეული და აღარ იწვევს შფოთვას. თუ მოსწავლეს კარგი ადაპტაციის უნარი აქვს ანუ მარტივად და სწრაფად ეგუება ახალ გარემოს, მიყვება სასწავლო პროცესს და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს შეიძლება ამაში დავინახოთ ის პოზიტიური მხარე, რომ მას ბევრი ნაცნობი ეყოლება.
„უნდა აღვნიშნოთ რომ ბავშვის ინდივიდუალური ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგჯერ ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულია და დროში იწელება. ბავშვი მუდმივად გრძნობს შფოთვას. ხშირად ისეთი ძლიერია შფოთვა, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროცესის დროს კონცენტრირებას, უჭირს სწავლა, უქვეითდება თვითრწმენა, ეშინია გაკვეთილის მოყოლის. ხშირად საკმაოდ რთულია ახალ პედაგოგებთან და კლასელებთან შეგუება. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევები რომ უარს ამბობს სკოლაში სიარულზე, შესაძლებელია ბავშვს უმადობა, უძილობა, უხასიათობა და სხვა სიმპტომები განუვითარდეს.
სკოლის შეცვლის დროს მოსწავლეს უწევს შეგუება რამოდენიმე ახალ ფაქტორთან ერთდროულად: კლასელებთან, მასწავლებლებთან, შენობასთან და სხვა. ხშირად ბავშვს ეუფლება მარტოობის და უსუსურების შეგრძნება, აქვს შიშები რომ მას არ მიიღებენ, შფოთავს რომ ვერ გაიჩენს მეგობრებს და მრავალი სხვა უარყოფითი განცდა შეიძება ეუფლებოდეს მას. სკოლის ხშირი შეცვლის დროს ახალ გარემოსთან შეგუება კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს თუ მოსწავლეს აქვს ახალ სკოლასთან შეგუების წარუმატებელი გამოცდილება. აგრეთვე სკოლის ხშირი შეცვლა არ აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას რომ მან ხანგრძლივი მეგობრობის და ხანგრძლივი ურთიერთობების უნარები გამოიმუშაოს.“- აცხადებს ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა თუშიშვილი
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ახალ სკოლაში გადასვლამდე მოსწავლეს დაათვალიერებინონ შენობა, გააცნონ სასწავლო პროცესს. ამით ბავშვი შედარებით მომზადებული შეხვდება მისთვის უცხო გარემოს. მშობლებმა უნდა გაუზიარონ თავიანთი მაგალითი შვილებს, რათა მოსწავლე მიხვდეს, რომ სკოლის გამოცვლა ჩვეულებრივი მომენტია და ახალ გარემოში ადგილის დამკვიდრებას თავისუფლად შეძლებს.