06 დეკემბერი, 2018
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაში?
სოციალურ-ემოციური უნარები საფუძველს ქმნიან ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენენ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ბავშვის სოციალური და ემოციური უნარები მუდმივად ვითარდება. სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას. სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან.
გთავაზობთ რჩევებს, რომელთა სისტემატური გამოყენება, დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას:
იყავით მგრძნობიარე და თბილი- სთხოვეთ ბავშვს ისაუბროს თავის გრძნობებზე. მოუსმინეთ ყურადღებით და გამოხატეთ თანაგრძნობა.
იყავით ზომიერად მკაცრი- წაახალისეთ, დააჯილდოვეთ მისი კარგი ქცევა, არასასურველი ქცევის დროს კი მიუთითეთ ცუდ ქცევაზე.
იზრუნეთ მის თვითშეფასებაზე- დაეხმარეთ ბავშვს დაინახოს თავისი ძლიერი მხარეები.
მიეცით სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა- თანატოლებთან თამაშისას ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, გაზიარებას, რიგის დაცვას, თანამშრომლობას, თამაშის წესების დაცვას.
გააკეთებინეთ არჩევანი- პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისი ასაკის გათვალისწინებით.
დაეხმარეთ ბავშვს მართოს თავისი გრძნობები- აჩვენეთ დადებითი მაგალითი ემოციების მართვისას. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ როგორ მართოს გრძნობები.