21 დეკემბერი, 2018
გამორჩეულად მზრუნველი დამრიგებელი 106-ე საჯარო სკოლიდან
„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ კონკურსის გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. კონკურსი საგანმანათლებლო ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ
www.izrune.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა.
პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა.
მეორე ადგილი კი თბილისის N106 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტოს ერგო. მისმა ფოტომ სახელწოდებით ,,ფერადი მათემატიკა“ 969 მოწონება დაიმსახურა.
სოფიკო მეხაშიშვილი, თბილისის N106 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებლი:
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის- „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ ავტორებს და თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რადგან მომცეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემი მოსწავლეების მშობლებს მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერა ზრდის ჩვენი კლასის წარმატების შესაძლებლობას, რომ გავხდეთ მომავლის კლასი. ახლა ეს საერთო მიზანი გვაქვს. ძალიან გამიხარდა ჩემი სახელი რომ დაასახელეს, ნამდვილად მოულოდნელი და ამაღელვებელი მომენტი იყო. ჩვენ სკოლაში გვაქვს „წარმატების კედელი“, სადაც მოსწავლეებს ყოველი თვის ბოლოს საკუთარი დიპლომები მოაქვთ, ამ კედელს ახლა უკვე ჩემი დიპლომიც შეემატა. მინდა გითხრათ, რომ იზრუნე.გე მშობლებთან დაახლოვებაში ძალიან დამეხმარა. მშობლები ყოველთვის მეუბნებიან რა საკითხი უჭირთ ბავშვებს და რა არა. ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს, რადგან ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ბავშვები არიან ძალიან მოტივირებულები, მონდომებულები და მიხარია ონლაინ ტესტების საშუალებით საკუთარი ცოდნის შემოწმებას პირველივე კლასიდანვე რომ ეჩვევიან.“