სკოლის მოსწავლეები ხშირად თავის ტკივილს უჩივიან - ზოგი, რა თქმა უნდა, სიმულირებს, რომ მეცადინეობას აარიდოს თავი, სხვა კი სერიოზულად ამბობს და გაკვეთილებზე იტანჯება...
გაიგეთ, როდის უჩივის სკოლის მოსწავლე თავის ტკივილს და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასწრაფოდ ექიმს.
თუ თავის არეში ტკივილს ან არასასიამოვნო შეგრძნებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების 3-8% უჩივის, გარდატეხის ასაკში თავის ტკივილის პერიოდულ გამოვლინებას ბავშვების უმრავლესობა (სხვადასხვა კვლევების თანახმად 57-82%) აღნიშნავს.
საბედნიეროდ, თითქმის, ყველა შემთხვევაში პროგნოზი ხელსაყრელია და სწორად შერჩეული დღის რეჟიმის, დაბალანსებული კვების, სასწავლო დატვირთვის ოპტიმიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა.
თავის ტკივილი ხშირად რაიმე დაავადების სიმპტომია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მივმართოთ.

ინფექციური დაავადებების დროს (მაგალითად: გრიპი) თავის ტკივილი შესაძლოა, საერთო სისუსტის, მაღალი ტემპერატურისა და ინტოქსიკაციის ფონზე გაჩნდეს.
მწვავე ოტიტისა და სინუსიტის დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს საკმაოდ ინტენსიური, ხშირად იგი მძაფრდება ფიზიკური დატვირთვის დროს და ასევე, როდესაც ბავშვი ახველებს, კითხულობს, თავს ხრის ან გვერდით აბრუნებს.
მენინგიტის დროს, თავის ტკივილი შესაძლოა, მოულოდნელად გაჩნდეს, პირღებინებისა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ფონზე.
ის შეიძლება იყოს ქალის შიდა წნევის მომატების ნიშანიც. ასეთ შემთხვევაში თავის ტკივილი დილით ჩნდება, შესაძლოა, ახლდეს გულისრევა, ძლიერდება ხველისა და კიბეზე ასვლის დროს.
გარდა ამისა, თავის ტკივილი შესაძლოა, ტრავმის შემდეგ გაჩნდეს. ხანდახან ბავშვი უმნიშვნელოდ მიიჩნევს რომ წაიქცა, თავი დაარტყა, ამიტომ ძლიერი თავის ტკივილის დროს მშობლებმა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინონ. თუ ტრავმაა, მაშინ აუცილებელია ექიმს მიმართოთ.
პირველადი თავის ტკივილები

პირველადი თავის ტკივილი დამოუკიდებელი მიზეზით ვითარდება და სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული. მას მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და დაძაბვის თავის ტკივილი.
შაკიკს ახასიათებს ძლიერი, ხანგრძლივი პულსირებადი თავის ტკივილი. ტკივილი შესაძლოა, გაგრძელდეს სამი საათიდან სამ დღემდე.
ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ბგერების აუტანლობა. ფიზიკური დატვირთვის დროს ტკივილი ძლიერდება.
შაკიკი, როგორც წესი, მემკვიდრეობითია. მისი ეფექტური მკურნალობის შერჩევა მარტივი არ არის, აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.
მაგრამ გაცილებით ხშირად ბავშვებს დაძაბვის თავის ტკივილი აქვთ. რით არის ის გამოწვეული?
პირველ რიგში, კისრის კუნთების გადაჭარბებული დაძაბულობით. მაგალითად, თავის ტკივილი შესაძლოა, გაჩნდეს სპორტის გაკვეთილის შემდეგ, თუ გაუვარჯიშებელმა ბავშვმა ბევრი იმოძრავა, ირბინა, იხტუნავა. ან პირიქით, იმის გამო, რომ ბავშვი დიდი დროს ატარებს თითქმის უმოძრაოდ.
აღსანიშნავია, რომ სტრესმა და ზედმეტმა მღელვარებამ ასევე შესაძლოა კუნთების სპაზმი და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თავის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზი მხედველობის პრობლემაა. ბავშვი, როცა ცუდად ხედავს თვალებს ძაბავს. თვალების გამუდმებული დაძაბვა ასევე თავის ტკივილს იწვევს.

როდის უნდა მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას :
- თუ თავის ტკივილი ყოველდღიურად მატულობს
- დილის საათებში ჩნდება
- თან ახლავს გულისრევა და პირღებინება
- იზრდება ტემპერატურის მატების პარალელურად
- უფრო ინტენსიური ხდება თავისა და სხეულის მდგომარეობის შეცვლისას
- ხანგრძლივია და წამლების მიღების შემდეგ არ ნელდება