26 ოქტომბერი, 2017
როდის ნუროფენი და როდის პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე
ამ სეზონის ვირუსები მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. ტემპერატურა ხშირად არც ემორჩილება პრეპარატებს და მშობლები ხშირად შეცდომებსაც უშვებენ. მითუმეტეს, აფთიაქებში ბევრი დასახელების მედიკამენტს გვთავაზობენ. როდის რომელი გამოვიყენოთ და რა წესების დაცვით - რჩევებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" გვიზიარებს.
პირველი არჩევანი სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატებში არის პარაცეტამოლი (კომერციული დასახელება: პანადოლი, კალპოლი) ან იბუპროფენი (კომერციული დასახელება: ნუროფენი, იბუფენი, ბებიტი). მოცემული საშუალება შეამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას და დასწევს მის ტემპერატურას 1 - 1.5 ჩ0-ით. ასპირინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებისათვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, როგორიცაა რეის სინდრომი.
პარაცეტამოლის მიცემა შეიძლება 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ მაქსიმუმ ხუთჯერ 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული 3 თვემდე ასაკის ჩვილებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პარაცეტამოლის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის.
იბუპროფენის მიცემა შეიძლება ყოველ 6 საათში ერთხელ. იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ექვს 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. იბუპროფენის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის.
პარაცეტამოლის და იბუპროფენის კომბინაციის ან მათი შემცვლელის მიცემა დაკავშირებულია ერთი ან მეორე მედიკამენტის არასწორი დოზით მიცემის რისკთან.
სიცხის დამწევი მედიკამენტები უნდა მიეცეს ბავშვს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მათი მიცემა უნდა შეწყდეს როგორც კი გაქრება შემაწუხებელი სიმპტომები.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი. ჩვეულებრივ, მაღალ სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი კი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაღალი სიცხე არ აღინიშნება, მათ შორის:
ბავშვი არ რეაგირებს, უჭირს გაღვიძება, ან აღენიშნება სისუსტე
უჭირს სუნთქვა
გაულურჯდა ტუჩები, ენა ან ფრჩხილები
წინ იხრება და ნერწყვს გამოჰყოფს
აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი
აღენიშნება ძლიერი მუცლის ტკივილი
აღენიშნება გამონაყარი ან სისხლჩაქცევისმაგვარი მუქი წითელი ლაქები კანზე (რომლებიც ბავშვს არ აღენიშნებოდა, სანამ ავად გახდებოდა)
უარს ამბობს რაიმის დალევაზე ან იმდენად დასუსტებულია, რომ ვერ სვამს
განუწყვეტლივ ტირის
ზედმეტად განერვიულებული და გაღიზიანებულია
აღენიშნება ისეთი სიმპტომი, როგორიცაა ყელის ან ყურის ტკივილი
აღენიშნება ტკივილი მოშარდვის დროს