მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აუდიტორია izrune.ge-ს საშუალებით შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და პორტალის მამოტივირებელ მიდგომებს მიესალმება.
პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და Izrune.ge-ს მეშვეობით ენის ბარიერის გადალახვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სახელმწიფო ენის ცოდნა და პატივისცემა კი მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ერთერთი წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვს თანამოაზრეობისთვის „ეტალონის ელჩის“ ტიტული მიენიჭა.
რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:
1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;
2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;
3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.
შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.