მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მშობლებსა და ბავშვებს შორის გაუცხოების პრობლემა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. სად არის გამოსავალი - რატომ იტყუებიან ბავშვები მშობლებთან და როგორ შევძლოთ იყოს ჩვენი შვილი მეტად გულწრფელი ჩვენთან, ამ საკითხებზე სპეციალისტების რჩევებს ქვემოთ გაეცნობით.
ტყუილის თქმა და არაგულწრფელობა ბავშვებს, მშობლებთან ურთიერთობისას, არც თუ იშვიათად ახასიათებთ. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ე.წ. ჯანსაღი ტყუილი, რომელიც ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან (დაახლოებით 2 წლიდან) იწყებენ და ამაში დიდ როლს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა თამაშობს.
განსხვავებულ სურათს ვაწყდებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვები არა „შემთხვევით“, არამედ გამიზნულად ამბობენ უარს თქვან სიმართლე - ცდილობენ, რეალობა ტყუილებით დაფარონ, ან უბრალოდ თავი აარიდონ მათთვის არასასურველ თემებზე გულწრფელად საუბარს.
არსებობს მეთოდები და ის გამოსავალი გზები, რომლითაც შეძლებთ ბავშვმა მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს თქვენთან საუბრისას. ამ გზების პოვნა კი ბავშვის ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის გაუცხოება თქვენს მიმართ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტყუილების რაოდენობა.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა?
არ დაგავიწყდეთ, ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც:
• ის ენდობა მშობელს - იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, მხარში ამოუდგებიან;
• არ ეშინია მათი რისხვის ან დასჯის და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. იმსჯელებენ არა მასზე, არამედ მის საქციელზე, რომელიც უნდა გამოსწორდეს;
• ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსები მის მხარეს არიან - იცის, რომ დასჯის შემთხვევაშიც დასჯა იქნება სამართლიანი, რადგან ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული.
მაშ ასე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზები მშობლებმა სწორედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
ჩაუნერგეთ ბავშვს, რომ გულწრფელობის შემთხვევაში არ იქნებით მკაცრი და მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს.