18 თებერვალი, 2019
როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს
თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა. იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: „გამარჯობა“, „ნახვამდის“, „მადლობა“, „თუ შეიძლება“, „გთხოვ“, „ბოდიში“, „მაპატიე“და ა. შ.
ფსიქოლოგების აზრით, ყოველთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება, რამდენად პატივისცემით ეპყრობა მას და მის სურვილებს.
როგორ უნდა მიაღწიოს მშობელმა იმას, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს თავაზიანი მანერები? ფსიქოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:
- იყავით მაგალითი ბავშვისთვის- ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ამდენად, ბავშვის საუკეთესი მაგალითი - მშობელი, რომლისგანაც ბავშვი ახდენს სხვადასხვა მანერის მიბაძვას, უნდა იყოს ბავშვისთვის სამაგალითო ურთიერთობებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ასწავლეთ ბავშვებს ე.წ. „ფორმულა“ - მოექცნენ სხვას ისე, როგორც თვითონ უნდათ, რომ მოექცნენ.
- წაუკითხეთ ლექსები და ზღაპრები. აჩვენეთ მულტფილმები სადაც დადებითი პერსონაჟები დომინირებენ თქვენთვის სასურველი თვისებებით , რაც გინდათ რომ თქვენმა შვილმა აითვისოს. აუხსენით, რომ ეს პერსონაჟი ყველას უყვარს მისი მანერებიდან გამომდინარე. ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საყვარელი პერსონაჟის საქციელებს. ამდენად, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენი შვილის ჩამოყალიბებაზე.
- არასოდეს ვაიძულოთ ბავშვს მისალმება და მადლობის გადახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს ეს ორი ჯადოსნური სიტყვა- „მადლობა“ და „ბოდიში“. თუმცა, ამის სწავლა არ უნდა მოხდეს იძულებით, მხოლოდ იმიტომ რომ ამით მის თავაზიანობას გაუსვათ ხაზი საზოგადოებაში. მაშინ როდესაც ეს ყველაფერი იძულების გზით მოხდება, ბავშვი ვერასოდეს მიხვდება მის მნიშვნელობას და აზრს.
- მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეული ასაკიდან ასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო მაგალითს ისევ და ისევ თქვენგან - მშობლისგან აიღებს. ის ხედავს როგორ იქცევით თქვენს მეგობრებთან , მშობლებთან და უშუალოდ ბავშვთან. არ მოერიდოთ ბოდიშის მოხდას, მაშინ, როდესაც დამნაშავე ხართ. მოიხადეთ ბოდიში ბავშვის თანდასწრებით და აუხსენით მას, რატომ გააკეთეთ ეს. ფსიქოლოგების აზრით, დაახლოებით 2 წლის ასაკიდან უკვე ნაცნობია დანაშაულის განცდა. ხოლო 3 წლიდან ბავშვი უკვე გააზრებულად სწავლობს ბოდიშის მოხდას და შეუძლია გააანალიზოს საკუთარი ემოციები.
ზრდილობიანი ბავშვის აღზრდა ნებისმიერი მშობლის საზრუნავს და არც თუ ისე მარტივ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მოთმინებით, საკუთარი კარგი მაგალითითა და ყურადღებით აუცილებლად შეძლებთ თქვენი შვილის კარგი მანერების გამო ქება თქვენც დაიმსახუროთ და თქვენმა შვილმაც.