მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
თბილისის N214 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, სკოლის დირექტორი თამარ შუბლაძე, კლასების დამრიგებლები, წარმატებული პედაგოგები და 214-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აუდიტორია izrune.ge -ს მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებას, აღტაცებით შეხვდა.
თბილისის N214 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ შუბლაძემ, რომელსაც რვა შვილი ჰყავს, პროექტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ izrune.ge მომავალი თაობის ბედნიერ მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რადგან პორტალი ახალგაზრდების არაერთი უნარის განვითარებასა და მათი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ამავე სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ელენე შარაშენიძემ, რომელმაც გასულ წელს „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა, დამსწრე საზოგადოებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა და მოსწავლეებს პროექტში ჩართვა ურჩია.
ამასთან, სკოლის დირექტორი და პედაგოგები izrune.ge -ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული“, „სუპერ“ და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ:
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.
„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.
შეხვედრის დასასრულს პროექტის ავტორმა უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.