მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ადამიანი ინფორმაციის 80%-ს მხედველობის საშუალებით იღებს. კარგი მხედველობა სწავლისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. მას შემდეგ, რაც ჰარი პოტერი გამოჩნდა და მსოფლიოს ბავშვების გული დაიპყრო, სათვალის ტარება მოდად იქცა. როგორც ჩანს, მხედველობის პრობლემები ჯადოქრულ სამყაროშიც ჰქონდათ, რადგან წიგნში არაერთი სათვალიანი პერსონაჟი გვხვდება.
რატომ და როგორ უნდა ატაროს ბავშვმა დამცავი სათვალე? სანამ ის ზრდასრულ ასაკს მიაღწევს და თავად განსაზღვრავს საკუთარ ცხოვრებას, მასზე მშობელმა უნდა იზრუნოს. ამისთვის კი, აუცილებელია მშობელმა კარგად იცოდეს თვალისა და მხედველობის მოვლის ის ნორმები, რომლების დარღვევა მომავალში მხედველობის სიმახვილეზე აისახება.
ბავშვის მხედველობა 9 წლის ასაკამდე ვითარდება და ამ დროს ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირებაა საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, მობილურის, ინტერნეტის, კომპიუტერისა თუ პლანშეტის ხშირმა გამოყენებამ ბავშვებში მხედველობის სერიოზული დაზიანებები გამოიწვია.
უახლესი კვლევებით (კვლევა საფრანგეთში, ლინზების მწარმოებელი კომპანიის Essilor-ის დაკვეთით ჩატარდა) 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვების 46% მოიხმარს კომპიუტერს კვირაში ერთხელ მაინც. ამავე კვლევის თანახმად, ბავშვები დღეში საშუალოდ 3 საათს უთმობენ ტელევიზორის ყურებას, პლანშეტებს ან სმარტფონებს.
მზისა და ხელოვნური სინათლის წყაროებით გავრცელებული მოლურჯო-მოიისფრო სინათლე მნიშვნელოვნად აზიანებს მხედველობას. კერძოდ კი, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) განვითარების რისკს იწვევს, რომელმაც შესაძლოა მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრემლდენა და მხედველობის გაუარესება აღენიშნებოდათ. ექიმები ამ ფაქტს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ. ამ დაზიანებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვმა უმაღლესი ხარისხის მქონე LED და UV გამოსხივებისგან დამცავი ლინზების სათვალე ატაროს.
რეკომენდაციები და რჩევები ბავშვებში მხედველობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად:
1. წელიწადში რამდენჯერმე ეწვიეთ ოფთალმოლოგს - ექიმთან ვიზიტი თვალისა და მხედველობის კონტროლში დაგეხმარებათ და დაზიანების დროული აღმოჩენა შემდგომი პრევენციისთვის გამოგადგებათ.
2. თვალების ხშირი და პერიოდული დასვენება - თუ თქვენს შვილს კარგი მხედველობა აქვს, უმჯობესი იქნება მეცადინეობისას ყოველ 40 წუთში ერთხელ შეისვენოს, თუ ახლომხედველია მაშინ - ნახევარ საათში ერთხელ (შესვენება გარეთ გასვლას, ჰაერზე სეირნობას და ისეთ აქტივობებს გულისხმობს, რომლებიც თვალების დაძაბვასთან არაა დაკავშირებული).
3. ნაკლები დროის გატარება კომპიუტერთან, ტელევიზორთან, პლანშეტთან, ტელეფონთან და ასე შემდეგ - ექიმების რჩევით, 6-7 წლამდე ბავშვისთვის კომპიუტერის მოხმარება არ არის რეკომენდებული. 7-12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40–60 წუთი, ხოლო 12-15 წლამდე მოზარდებისთვის დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათი.
4. მეცადინეობა და კითხვა მხოლოდ განათებულ ოთახშია რეკომენდებული - სუსტად განათებულ ან მბჟუტავ შუქზე თვალის ორმაგად დაძაბვა ხდება, რაც მხედველობისთვის საზიანოა. ასევე, არაა მიზანშეწონილი კითხვა მგზავრობის დროს.
5. არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება.