მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლის ნიშნები არ ქმნიან ადამიანებს. მისი თქმით, მასწავლებელმა და მშობელმა ნიშნებზე არ უნდა გაამახვილონ ყურადღება და ბავშვს სწორი გზა უნდა აჩვენონ.
შალვა ამონაშვილის სიტყვები „აზროვნების აკადემიის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც Izrune.ge უცვლელად გთავაზობთ:
„სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ - „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ - რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ? ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან - კლასში, მაგრამ აი ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ.
ორიანები და ხუთიანები არაფერს ნიშნავს, ნიშნები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ კიდეც - თუ ბავშვი ხუთიანებზეა შეყვარებული და მერე მამის ხუთ ლარზე, რომელსაც მამა აჩუქებს თუ კი ხუთიანს მიიღებს, - რა ბავშვი გაგვეზრდება ჩვენ? რისკენ მისწრაფული?
ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა - ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი.
ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავისი მისიები აქვთ. ამიტომ დედა რომ ხარ ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო შენ არც კი იცი რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.
ვინც თავის ბილიკს დაადგება - იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! თუნდაც ჩემს ასაკში. კაცმა, რომ იპოვოს ეს ბილიკი, თუნდაც იმ ერთ წლიან, ხუთ წლიან ცხოვრებას მაინც ხომ გაივლის ამ მისიაში, ბედნიერებას გემოს გაუგებს და სულის რაღაც ნაწილსაც სრულყოფს“-ამბობს შალვა ამონაშვილი.