მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ახალქალაქი პროექტ izrune.ge-ს აპრილიდან შემოუერთდა და რეგისტრაციის პირველი დღიდან სკოლების, ბავშვებისა და მშობლების ჩართულობა და დაინტერესება დიდი იყო. ჯერ კიდევ, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის დადგომამდე როგორც ბავშვებმა, ასევე მშობლებმა უამრავი კითხვა დაგვისვეს პროექტის შესახებ და მოუთმენლად ელოდნენ როდის გაივლიდნენ პირველ ტესტირებას.
აპრილში შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე გამორჩეული აღმოჩნდა არა მხოლოდ თარიღიდ, არამედ რეგიონის ჩართულობითაც. მოხარულები ვართ, რომ ახალქალაქის 2173-მა ოჯახმა იზრუნეს განსაკუთრებულად შვილებზე და ბავშვებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. 36 მოსწავლე ოქროს დიპლომის მფლობელი გახდა, 90-მა ვერცხლის და 304-მა ბრინჯაოს დიპლომი აიღეს.
მარტუნის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მკრტიჩ გალსტიანი ახალქალაქიდან პირველი იყო, ვინც აპრილის შემაჯამებელი ტესტი გაიარა.
მისთვის პირველი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებსა და მიზნებს უკავშირდება.
ამბობს, რომ Izrune.ge-სთან
ერთად სახელმწიფო ენის უკეთ სწავლა და თითოეულ საგანში ცოდნის გაღრმავება სურს:
„სიმართლე გითხრათ, ტესტების გავლა ცოტა გამიჭირდა. პირველი იყო და თან ვღელავდი. მაგრამ წინსვლისა და სახელმწიფო ენის უკეთ სწავლის სტიმული მომეცა, ქართულის ცოდნის გარეშე ვერც იზრუნე კითხვებს გავცემ პასუხს, უნივესრიტეტშიც გამიჭირდება სწავლა და სამსახურის პოვნაც გაძნელდება. მახარებს, რომ პირველმა მე გავიარე ტესტი ახალქალაქიდან, ახლა კი, ვეცდები, შედეგები გავაუმჯობესო. ბევრი მუშაობა მომიწევს, მაგრამ Izrune.ge-სთან ერთად აუცილებლად მივაღწევ წარმატებას.“
მარტუნის საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი დირექტორი
ჰყავს. აღავნი ავაქიანის შეფასებით, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი - ოჯახის, ბავშვისა და
სკოლის ერთი მიზნით გაერთიანება და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება
არსებითად მნიშვნელოვანია:
„Izrune.ge სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია.
პორტალი ოჯახისა და სკოლის დაახლოებასთან ერთად მოსწავლეთა მოტივირებას უწყობს
ხელს და მათ წარმატებას ახალისებს. ამასთან, ახალქალაქში სახელმწიფო ენის
სწავლებას უწყობს ხელს და ინტეგრაციაში გვეხმარება. მახარებს მკრტიჩისა და სხვა
მოსწავლეების აქტივობა და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ მომავალშიც.“
ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი Izrune.ge-ს
დიდი გულშემატკივარი და აქტიური თანამოაზრეა. სწორედ მისი ინიციატივითა და დაუღალავი
შრომით, საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობით ახალქალაქის სასკოლო
ცხოვრება ყოველდღიურად ვითარდება:
„ჩვენი სკოლები 100%-ით ერთვებიან Etaloni.ge-ში და ახლა უკვე დიდი ინტერესი აქვთ Izrune.ge-ს მიმართ. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვა და პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები სამომავლო წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ახალქალაქის რეალობაში Izrune.ge-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, სახელმწიფო ენის როლის ზრდა და სწავლების ხელშეწყობა ემატება, რაშიც აქტიურად ვუდგავართ გვერდში. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საინფორმაციო-ტექნიკური ტრენინგები ჩავატარეთ სკოლების წარმომადგენლებთან. მახარებს ოჯახებისა და პედაგოგების პროგრესული აზროვნება და კიდე უფრო მეტი ჩართულობის იმედი მაქვს. სამომავლოდ იზრუნეს ტესტები უშუალოდ ახალქალაქის არაქართულენოვან მოსწავლეებზე იქნება მორგებული და მათ სახელმწიფო ენის შესწავლა გაუმარტივდებათ.“