მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მეცნიერების აზრით, არ არსებობს ზუსტი ნორმა, რამდენი წლის ასაკში რამდენი სანტიმეტრი შეიძლება იყოს მოზარდი.
ბავშვის მაქსიმალურ სიმაღლე ძირითადად გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა სავსებით შესაძლებელია მაღალ მშობლებს დაბალი შვილი ჰყავდეთ და პირიქით. ეს ძალიან ინდივიდუალურია და გარდა გენეტიკური ფაქტორისა, არსებობს როგორც ხელისშემწყობი, ასევე ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც გარკვეულწილად ბავშვის სიმაღლეში ზრდას განაპირობებს.
ექიმები გვაძლევენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ბავშვს დაეხმარება, მიაღწიოს მის მაქსიმალურ სიმაღლეს:
მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა შეიტანოს. ეს პროდუქტები შეიძლება იყოს: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, (ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რათა ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს). ექიმების აზრით, საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა სტაფილო, რომლის წვენიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს და აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.
ექიმები გვირჩევენ მოვერიდოთ ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველ პროდუქტებს, რადგან ის ზრდას აფერხებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორი, რადგან უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. მეცნიერები გვირჩევენ ბავშვი ძილის სწორ რეჟიმს შევაჩვიოთ - ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას.
თუ გსურთ ბავშვმა მის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწიოს, მნიშვნელოვანია დაკავდეს ის შესაბამისი სპორტით. შეიძლება ეს იყოს ცურვა, კალათბურთი და ველოსიპედით სეირნობა. ფიზიკური აქტივობა არის სომატოტროპინის მასტიმულირებელი ფაქტორი, როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშებით, ეს საშუალებას გვაძლევს სტიმული მივცეთ სომატოტროპინის გამომუშავებას.
ასევე არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. როცა ვსაუბრობთ სპორტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უარყოფითი შედეგები, რაც არასწორმა სპორტულმა აქტივობებმა შეიძლება გამოიწვიოს.
ექიმები მოზარდებს განტელებით ვარჯიშსა და საკვებზე დანამატების გამოყენებას უკრაძალავენ. კატეგორიულად იკრძალება საკვებზე დანამატები ჩვილ ბავშვებში, რასაც ხშირად იყენებენ მშობლები.
გახსოვდეთ, ზრდის პროცესში უდიდეს როლს ჰორმონული ბალანსი ასრულებს. ამიტომ, მშობლებო, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ზრდას ჩამორჩა, მოსალოდნელი პრობლემების პრევენციის მიზნით, ბავშთა ენდოკრინოლოგს დროულად მიმართეთ.