რომელია ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობა და რა დაგიჯდებათ შვილის აქტივობებში ჩართვა
მოზარდების მრავალმხრივი განვითარებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართვა აუცილებელია. თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მშობლებისთვის შვილების სხვადასხვა წრეზე ჩაწერა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.სწორედ ამიტომ,
Izrune.ge-მ ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლებისგან გაარკვია ყველაზე ცნობილი და პოპულარული სპორტული ჯგუფების ფასები, რომლის მიხედვითაც ძვირადღირებული და შედარებით ხელმისაწვდომი წრეები გამოიკვეთა.
სამთო-სათხილამურო სპორტი - ამ სახეობაში ბავშვებს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე რთავენ და ისიც სეზონურად. 10-დღიანი სათხილამურო შეკრების ფასი (სეზონზე) 350-დან 500 ლარამდე მერყეობს. აღჭურვილობის ფასმა კი შესაძლოა 1000 ლარსაც გადააჭარბოს.
ფარიკაობა - ამ აქტივობის ღირებულება თვეში 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეკიპირება (ფარი, მუზარადი, ხმალი) თანდათან ხდება საჭირო. სრული აღჭურვილობა კი 400 დოლარამდე ჯდება.
ჭადრაკი - ამ ინტელექტუალური თამაშის შესწავლა თვეში საშუალოდ 80 ლარი ჯდება, თუმცა ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ კვირაში რამდენ საათს მეცადინეობს მოსწავლე. თავად ჭადრაკის დაფის შეძენა 20 ლარადაც კი შესაძლებელია.
ჩოგბურთი - ეს ბავშვთა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სახეობაა. ყოველთვიური გადასახადი 250-300 ლარია. აღჭურვილობა კი (ფორმა, ბურთი, ჩოგანი) საშუალოდ 300-400 ლარი ჯდება.
ცურვა - სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ფასს განსაზღვრავს ის, კერძო ტრენერის დაქირავება ხდება თუ არა. საშუალოდ, ცურვის შესწავლა 80 ლარი ჯდება, ტრენერის ჩათვლით კი–270 ლარს აღწევს.
ტანვარჯიში - ამ სპორტით დაკავებული მოსწავლეები შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩევიან. გადასახადი კი საკმაოდ ხელმისაწვდომია და თვეში 40-დან 70 ლარამდე მერყეობს.
ფეხბურთი - იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ბურთი ძალიან აინტერესებთ, ფეხბურთზე მათი ტარება საშუალოდ 100-120 ლარი უჯდებათ. ბურთის, ბუცებისა და ფორმის ფასი კი 150-დან 200 ლარამდე მერყეობს.
რაგბი - აღსანიშნავია, რომ თბილისში ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ რაგბის სპორტული სკოლები და კლუბებია. გადასახადი მხოლოდ 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს. ბურთის შეძენა შესაძლებელია 35 ლარიდან.
კარატე - ეს სპორტული აქტივობა თვეში 35-დან 70 ლარამდე ფასობს, ფორმების შეკერვა კი 50-70 ლარის ფარგლებშიც შესაძლებელია.
ძიუდო - ერთ-ერთი ხელმისაწვდომია სპორტია, რადგან გოგონებისთვის ვარჯიში თითქმის ყველა დარბაზში უფასოა (გოგონათა შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისათვის) ბიჭებისთვის კი თვეში 30-დან 45 ლარამდე ღირს.
კალათბურთი - ბავშვთა სექციებში მეცადინეობა 50-დან 120 ლარამდე მერყეობს. ბურთის შეძენა 45 ლარიდან არის შესაძლებელი, ხოლო ფორმებისა და ბოტასების ფასი 150-დან 200 ლარამდე შეადგენს.