მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
წუხელ გვიანობამდე არ დაიძინა და არც დედა დააძინა, რადგან ღამის 12 საათის შემდეგ, izrune.ge-ს განახლებულ ტესტებს ელოდებოდა. ამიტომაც, თბილისის N71 სკოლის მეორეკლასელმა ლელა ცერცვაძემ 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სავარჯიშო ტესტი პირველმა გაიარა.
დღეს, 5 სექტემბერს, ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა izrune.ge-მ, ახალი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით, პროექტში ჩართულ 35 ათასზე მეტ მოსწავლეს და მზრუნველ ოჯახს 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სავარჯიშო ტესტი შესთავაზა. ლელასთან ერთად, განახლებულ ტესტებს მისი უამრავი თანატოლი ელოდებოდა.
ლელა ცერცვაძე, თბილისის N 71 სკოლის მეორე კლასის მოსწავლე:
„მიყვარს, როცა ამ ტესტებს ვაკეთებ. მთელი ზაფხული ველოდებოდი, როდის განახლდებოდა. ღამით არ დავიძინე, 12 საათს ველოდებოდი და დედიკოც არ დავაძინე. დედა მიკითხავს ხოლმე და მე ვაკეთებ. დღეს დედამ შეცდომა დამაშვებინა და ძალიან ვინერვიულე. ბევრი წიგნი მაქვს და ვკითხულობ. ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდით ისევ ტესტების გაკეთებას. რატომ აღარ ვაკეთებთ ტესტებს-მეთქი, დედას ვეკითხებოდი!“
თეონა მექოშვილი, ლელას დედა:
„იცოდა, რომ განახლებული ტესტები წუხელ, 12 საათის შემდეგ უნდა დადებულიყო და მთელი ღამე არ დამაძინა, არც თვითონ დაიძინა, ვიდრე ტესტები არ გავაკეთეთ. თუმცა, ჩემ გამო შეცდომა დავუშვით და ბევრი იტირა. ტესტები ტელეფონით შევასრულეთ და შეცდომაც ამიტომ მომივიდა, ძალიან ელემენტარულ შეკითხვებზე პასუხს ხელი არასწორად დავაჭირე. თუმცა, არა უშავს, თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ შემდეგ ხუთშაბათს მსგავსი რამ აღარ დაგვემართება.
ლელა მთელი ზაფხული მასწავლებლის დავალებებს ასრულებდა და ცდილობდა, მეტი წაეკითხა. საკითხავი წიგნები თვითონ აირჩია და მათემატიკაშიც იმეცადინა.
ჩვენი კლასის ყველა მოსწავლეა ჩართული izrune.ge-ში, ძალიან მოგვწონს და გამუდმებით ველოდებით განახლებულ ტესტებს, ყოველ ხუთშაბათს მთელი ოჯახი. პროექტი აძლევს ბავშვებს მოტივაციას, სტიმულს, მეტი ისწავლონ, იკითხონ, მშობლებთან ერთად მეტი ინფორმაცია მოიძიონ, რათა ტესტებს წარმატებით გაართვან თავი. ჩვენ, მთელი ოჯახი, დამრიგებელთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართული ამ არაჩვეულებრივ პროექტში და ახალი სასწავლო წლიდან, უფრო მეტი ინტერესით ველოდებით მათგან სიახლეებს, მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ჩვენი შვილების ასეთი ამაღლებული მოტივაციისა და დაინტერესებისთვის!“
ლედი ელიაშვილი, თბილისის N71 სკოლის მეორე კლასის დამრიგებელი:
„ვფიქრობ, რომ izrune.ge სწორედ ის პროექტია საგანმანათლებლო სისტემაში, რაც მომავალ თაობას გასავითარებლად სჭირდება, დამატებით, სკოლასთან და მშობლებთან ერთად თანამშრომლობისთვის. ჩვენი კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და წელსაც, უკვე ჩავერთეთ პროექტში. izrune.ge-მ გააერთიანა მშობელი, ბავშვი, სკოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს. სრულად ვართ ჩართული და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სავარჯიშო ტესტის გაკეთებაში მთელი კლასი. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მომცველი ტესტები, საინტერესო და მრავალფეროვანი.
ამჯერად, „მომავლის კლასის“ ტიტულის ველოდებით. სკოლების ჩამონათვალი კი დაიდო, მაგრამ კლასების ჩამონათვალი ჯერ არ არის ცნობილი და იმედი გვაქვს, ამ ტიტულს დავიმსახურებთ.
გარდა ამისა, ინტერესით ველოდებით საიტის მიერ შემოთავაზებულ სხვა სიახლეებსაც. ჩვენმა სკოლამ მოსწავლეებს ამ ზაფხულს უკვე მისცა წასაკითხი ლიტერატურა „წიგნიერების დღისთვის“ მოსამზადებლად და ველოდებით ამ დღეს ყოველ მეორე ხუთშაბათს“.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან, ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი იქნება „წიგნიერების დღე“, რომლის კითხვების შედგენაზეც, თბილისის გამორჩეული 77 პედაგოგი, ზაფხულის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი, - „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“, რომლის კითხვებზეც ქუთაისის სკოლების 78-მა გამორჩეულმა პედაგოგმა იმუშავა.