13 სექტემბერი, 2019
აჭარის განათლების სამინისტრო მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტებს უფასოდ სთავაზობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის, წლის ბოლომდე,izrune.ge-ს ტესტების საფასურს დაფარავს. სამინისტროსა და izrune.ge-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა.
izrune.ge მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტია, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
საიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში.
Izrune.ge-ზე სასკოლო საგნების მიხედვით შედგენილი ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები მოსწავლეებისთვის ყოველ ხუთშაბათს იქნება ხელმისაწვდომი. შემაჯამებელი ტესტის გავლას კი, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე ზრუნვის დღეს“ შეძლებენ.
ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“ და ამ დროს მოსწავლეები შეკითხვებს კლასიკური ნაწარმოებებიდან მიიღებენ. ყოველი მეოთხე ხუთშაბათი კი, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ მიეძღვნება.
Izrune.ge-ზე მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი ინდივიდუალური ტესტი მზადდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლასის დამრიგებელს, სკოლის დირექტორს ან რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 000 197; 577 68 32 32