„გვინდა მეტი ევროპა ჩვენს სკოლაში და მეტი ჩვენი სკოლა ევროპაში“, - ქუთაისის N23 სკოლის პედაგოგებმა იზრუნე.გე-სთვის შეკითხვები შეადგინეს 26 სექტემბერს
26 სექტემბერს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე სამოქალაქო განათლების დღეა.
პორტალში ჩართული მოსწავლეები ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათს სამოქალაქო განათლების მიმართულებით ცოდნის შესამოწმებელ ტესტებს მიიღებენ.
პროექტის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების დღისთვის, დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეკითხვები ქუთაისის 78-მა გამორჩეულად აქტიურმა მასწავლებელმა შეადგინა. მათ შორის არიან ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც შეკითხვები XI - XII კლასებისთვის შეადგინეს.
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგების ჯგუფს დირექტორი ნესტან სიხარულიძე ხელმძღვანელობს. izrune.ge მას შეკითხვების შედგენის პროცესზე ინფორმაციის მისაღებად ესაუბრა.
- ქალბატონო ნესტან, როგორ შეაფასებთ სამოქალაქო განათლების დღისთვის შეკითხვების შედგენის პროცესს? რამდენად საინტერესო იყო პედაგოგებისთვის?
- თავდაპირველად პროექტი ცოტა რთული კი გვეჩვენა, მაგრამ ამ სირთულეს არ გავქცევივართ. პროცესი თითოეული პედაგოგისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. პედაგოგთა შეკრებაზე განვიხილეთ, როგორ უნდა მომზადებულიყო შეკითხვები და სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენი სკოლა იყო ერთ-ერთი, რომელიც ბატონმა გოჩამ მოიწონა. მანვე აღნიშნა, რომ ჩვენს კითხვებში დამატებითი ჩარევა აღარ იქნებოდა საჭირო. პირველი 20 ტესტის შეფასების შემდეგ ე.წ „მწვანე შუქი“ მივიღეთ და დავალება ასე მივიყვანეთ ბოლომდე.
- რა პრინციპით შეარჩიეთ შეკითხვების ავტორი პედაგოგები?
- შევეცადეთ ისეთი პედაგოგები შეგვერჩია, რომლებიც ამ საფეხურის მოსწავლეებთან უკვე მუშაობდნენ და ამ მიმართულებით სწავლებისას კონკრეტული გამოცდილება ჰქონდათ დაგროვებული. კათედრიდან კლასების მიხედვით 2-2 მასწავლებელი შევარჩიე. მაგალითად, ისტორიის 2 მასწავლებელი, ქიმიის 2 მასწავლებელი, ფიზიკის 2 მასწავლებელი და ა.შ.
- შეკითხვების შედგენისას რა იყო თქვენი პედაგოგების ძირითადი ორიენტირი?
- მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმა ამა თუ იმ საფეხურზე გარკვეული რაოდენობრივი ცოდნის მობილიზებას ითვალისწინებს. ჩვენ მე-11 და მე-12 კლასის ასაკობრივი ჯგუფი უნდა გაგვეთვალისწინებინა და სტანდარტი დაგვეკმაყოფილებინა. ანუ ორი მომენტია - გამჭოლი კომპეტენცია სამოქალაქო განათლების კუთხით და საგნობრივი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ცოდნას, კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში.
ტესტები სამოქალაქო აქტივობაზეა გათვლილი, იქნება ეს ისტორიის მიმართულებით, ფიზიკის მიმართულებით თუ სხვა. მაგალითად, მოსწავლეებს შეიძლება შეხვდეთ შეკითხვა „დაზიანებულ სადენს როგორ გააუვნებელყოფთ?“ ამ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ მის გვერდით მყოფ სხვა მოქალაქეზეც. შესაბამისად, ასეთი პრაქტიკული კუთხით ვიმუშავეთ.
- როგორც ვიცით, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი გაქვთ. მუშაობის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული გამოცდილება?
- ჩვენს სკოლაში სამოქალაქო კლუბი „ევროინიციატორები“ 2012 წლიდან მოქმედებს. აქედან მოყოლებული ფაქტობრივად არ ყოფილა დიდი თუ მცირე მნიშვნელობის სამოქალაქო აქტივობა, რომელსაც კლუბი არ გამოხმაურებია. კლუბს ჰყავს წარმატებული წევრი მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და თემის ღონისძიებებში. პედაგოგებსაც კლუბის მუშაობის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, ცხადია, შეკითხვების შედგენისას დაგვეხმარა.
- როგორ შეაფასებდით მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ დღის მნიშვნელობას izrune.ge-ს პროექტში ჩართული მოსწავლეებისთვის?
- ზოგადად, როდესაც ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოსწავლე იყოს წარმატებული რომელიმე მეცნიერებაში, ძალიან კარგია. ეს თუ უფრო მრავალმხრივი კუთხით არის დანახული, რომ წარმატებული მოსწავლე წარმატებული მოქალაქეა, უკვე პირდაპირ კავშირში გავდივართ სამოქალაქო აზროვნებასთან, სამოქალაქო აქტივობასთან. თამაშით დაწყებული სერიოზულ შედეგს ვაღწევთ და კარგ მოქალაქეს ვზრდით.
ვფიქრობ, izrune.ge-მ ამ კუთხით ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა. პროექტი თუ გრძელვადიანი იქნება, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, შედეგი დადგება ძალიან ნათელი.
- ახალ სასწავლო წელს რა სიახლეები გაქვთ მოსწავლეებისთვის?
- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ცვლილებები. მაგალითად, ცვლილების მე-3 ფორმა, რომელიც სკოლას მეტი თავისუფლებას ანიჭებს მათთვის მორგებული სასწავლო გეგმა აიღონ და გარკვეული ნიშა ჰქონდეთ, რომელსაც მოსწავლეებში უფრო მეტად გააძლიერებენ. ჩვენ აქცენტი საზოგადოებრივ მეცნიერებებზე გავაკეთეთ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მოვახერხეთ, რომ მეორე უცხო ენა აგვეღო. მესამე და მეოთხე კლასიდან გერმანულის სწავლება დავიწყეთ. ვფიქრობთ, ამით კომუნიკაციას გავაძლიერებთ გერმანიასთან და ზოგადად გერმანულენოვან ევროპასთან, რაც ბევრად მეტს შანსს მოგვცემს, მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივცეთ. გვინდა „მეტი ევროპა ჩვენს სკოლაში და მეტი ჩვენი სკოლა ევროპაში“,- ფაქტობრივად ამ მიდგომას ვაძლიერებთ.
მაკა ბარაბაძე - ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:
- პროექტში მონაწილეობის შემოთავაზება მივიღე და ჩემი სურვილით ჩავერთე. მოქალაქეობრივი აზროვნების დღისთვის შეკითხვების შედგენა, რასაკვირველია, საინტერესო იყო. სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისთვის ტესტებზე ისედაც ვმუშაობ, ამიტომ პროცესი განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული არ ყოფილა. ეს ჩემი ჩვეული სამუშაოა.
ნატალია ხინგავა - ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი:
- სკოლაში მუშაობის დაახლოებით 40-წლიანი სტაჟი მაქვს და ჩემი ყოველი გაკვეთილი და ინტერესი, ძირითადად, ზოგადი განათლებაა. მაქსიმალურად ვცდილობ საგანი პრაქტიკას დავუკავშირო. შეკითხვების შედგენის დროსაც ეს იყო ჩემი ამოსავალი წერტილი, რომ ერთმანეთს დამეკავშირებინა თეორიული ცოდნა და პრაქტიკა.
მოსწავლეების განვითარებისთვის იზრუნე.გე-ს ამ პროექტს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებს ავითარებს. სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეებსა და პედაგოგებსაც გვაქვს წინსვლა. მივესალმები, რომ ეს პროექტი ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
მანანა ბურჯალიანი - ქუთაისის N23 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი:
- „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ სატესტო დღისთვის შეკითხვები გლობალური გეოგრაფიის მიმართულებით შევადგინე. ვინაიდან გლობალური პრობლემების გეოგრაფიის მონაცემები შესაძლოა მოკლე დროში შეიცვალოს, შეკითხვებს ლინკების სახით თანამედროვე მონაცემებიც დავურთე. izrune.ge-ს პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესოა. პროექტი წარმატებულად მუშაობს და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
26 სექტემბერიდან ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღეა - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია izrune.ge -ში.
ამავე თემაზე იხილეთ ბმული 1, ბმული 2.