01 ნოემბერი, 2017
ალექსანდრე ჯეჯელავა: მთავარი აქცენტი მომავალ წლებში იქნება დანამატების გაზრდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის N150 საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ამ წელს აქცენტი მასწავლებლების ხელფასების მომატებაზე გაკეთდება.
„მასწავლებელთა ხელფასებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩვენი აქცენტი გაკეთდება დანამატებზე და არა საბაზო ხელფასების მომატებაზე. გვინდა, იმ პედაგოგებს, რომლებიც უფრო მეტს გააკეთებენ პროფესიული განვითარებისთვის, უკეთეს გაკვეთილებს ჩაატარებენ და უკეთეს ცოდნას მიაწვდიან მოსწავლეებს, უფრო მეტად გაეზარდოთ ხელფასი, ვიდრე სხვა პედაგოგებს, ვინც ნაკლებ დროსა და ენერგიას დახარჯავს პროფესიულ განვითარებაზე,“- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად გაიზრდება.
„საბაზო ხელფასიც, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად. მაგრამ მთავარი აქცენტი მომავალ წლებში იქნება დანამატების გაზრდა. ჩვენი სურვილია, საუკეთესო მასწავლებლების, ყველაზე აქტიურად ჩართული მასწავლებლების ხელფასი არამარტო გაუთანაბრდეს, არამედ გაუსწროს სახელმწიფო სექტროში დასაქმებულთა ხელფასს,“- აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.