„წიგნიერების დღის“ კითხვები პროფესიულ დონეზე დგება და ვცდილობთ, ისინი საინტერესო იყოს ბავშვისთვის
მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილმა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან აირჩია პროფესია და დღეს ბავშვებისთვის საყვარელი ინა მასწავლებელი თბილისის 106-ე საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგია. რამ განაპირობა მისი არჩევანი, როგორ აფასებს ზოგადად არაფორმალური განათლების მნიშვნელობას მოსწავლეთა განვითარებაში და როგორ გახდა მესამე კლასის ტესტებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, ამ კითხვებზე პასუხს ინა მეცხვარიშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- პედაგოგობა ბავშვობიდან გადავწყვიტე. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და და-ძმებს შორის უფროსი ვარ. შესაბამისად, მათ აღზრდაში ვმონაწილეობდი - ჩემი დედმამიშვილების არაფორმალური მასწავლებელი ვიყავი... ასე, თამაშ-თამაშით გავიარეთ ეს ეტაპები, მე მასწავლებელი ვიყავი, ისინი მოსწავლეები. ძირითადად, ვანსახიერებდი საყვარელ მასწავლებლებს, განსაკუთრებით ბიოლოგიის პედაგოგი მიყვარდა და ჩემ და-ძმებს ყველაზე ხშირად ბიოლოგიის გაკვეთილები უტარდებოდათ. თუმცა, როდესაც სკოლას ვამთავრებდი მაშინ არ მიფიქრია, პედაგოგიური მიმართულებით თუ წავიდოდი. ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში და მოვხვდი მეცნიერებათა დახელოვნების ფაკულტეტზე. პირველ კურსზე გავიარე ზოგადი საგნები, რამდენიმე ლექტორმა კი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, შემიყვარდა ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და გადავწყვიტე, ეს მიმართულება ამერჩია. მაგისტრატურაც განათლების მიმართულებით დავამთავრე და დოქტორანტურაზეც ამ მიმართულებით ვსწავლობ.
- ზოგადად განათლების რეფორმას როგორ შეაფასებდით? - მომწონს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე; სხვათა შორის, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ჩემი ლექტორი იყო და მოხარული ვარ, რომ მას უკვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა, პრაქტიკაში განახორციელოს.
- თავად როგორი მასწავლებელი ხართ?- ამბობენ, რომ კარგი მასწავლებელი ვარ... ამჟამად, მეოთხე კლასი მყავს. მომწონს საკუთარი თავი ამ სფეროში იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს; არც ერთი დილა არ მახსენდება, დაბალი მოტივაციით წავსულიყავი სამსახურში. მთელი შეგნებითა და მონდომებით ვუდგები ჩემ საქმეს და ვფიქრობ, მოსწავლეთა შედეგები აუცილებლად, აჩვენებს ხოლმე როგორი მასწავლებელი ვარ.
- მკაცრი ბრძანდებით?- არა, უფრო მეგობრული ვარ, თუ რამე არ მომწონს, თვალით ვანიშნებ ხოლმე; ჩემი მიდგომა არაა ყვირილი, ჩხუბი, უბრალოდ მათ იციან, რომ გული მტკივა და მწყინს, როდესაც არ იქცევიან ისე, როგორც ეკადრებათ. არასოდეს ვახვევ თავს ჩემ მოსაზრებებს, მინდა, ბავშვებს გააჩნდეთ საკუთარი აზრი გაიაზრონ, რომ სივრცე, სადაც ყოველდღიურად ვიმყოფებით, ყველასია და მასწავლებელი იქ არ არის მბრძანებელი, რომელსაც ემორჩილებიან. არ მახსენდება აქტივობა ან პროექტი, რაც ჩემ მოსწავლეებთან შეუთანხმებლად განმეხორციელებინა. ჩვენ ვართ მეგობრები და მინდა იცოდნენ, რომ მათგან ბევრს ვსწავლობ და არა მხოლოდ ვასწავლი.
- ეს მიდგომა არაფორმალურ განათლებასაც ეხება - მით უმეტეს, როგორც ვიცი, izrune.ge-ს მესამე კლასის ტესტების შედგენაში მონაწილეობთ? - ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლამ ბავშვი უნდა მოამზადოს ცხოვრებისთვის და ეს ცოდნა, რაც წიგნებშია მოცემული, ქმედებებში გამოხატონ. სამწუხაროდ, მე, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედალოსანი ვიყავი, როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, უნარი არ მქონდა, თეორიულად მიღებული ცოდნა გამომეხატა პრაქტიკაში. სწორედ ამ ყველაფერს აძლევს ბავშვს არაფორმალური განათლება და მეც ვცდილობ, ჩემ მოსწავლეებს ეს დანაკლისი შევუვსო. ამიტომაც ვართ ჩართულები izrune.ge-ში. მე უზომოდ მადლობელი ვარ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის, რომლემაც ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცა. ჩემმა მოსწავლეებმაც იციან, რა სიკეთე მოაქვს მათთვის „იზრუნეს“, რომელმაც სკოლა- მოსწავლე-მშობელი გააერთიანა.
მესამე კლასის ტესტებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავართ - ასე გადაწყვიტა სკოლის ადმინისტრაციამ და ჩვენი 5-კაციანი ჯგუფი მუდმივად მუშაობს ამ საკითხზე. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ტესტები პროფესიულ დონეზე დგება და ვცდილობთ, ისინი საინტერესო იყოს ბავშვისთვის.
- ეს ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა. - ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ყველა ვართ დაწყებითების პედაგოგი, მესამე კლასი ჩვენი სფეროა, ვიცნობთ ბავშვების ფსიქოლოგიას და ეს გვეხმარება სამუშაო პროცესში; არ არის ადვილი, იმ ავტორების შერჩევა, რომლებიც უნდა იცოდეს მესამეკლასელმა, ტესტების შედგენა კი კიდევ ერთი გამოწვევა იყო ჩვენი ჯგუფისთვის, თუმცა, ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს.
- სკოლის ხელმძღვანელობა თუა ჩართული ტესტების შედგენაში? - დირექტორი თანამშრომლობს თითოეულ ჯგუფთან, ერთად განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს და ზოგადად, გაგვიმართლა - აქტიური ხელმძღვანელი გვყავს, რომელიც მცირე შრომასაც გვიფასებს, ხელმძღვანელის ერთი შექება, კონკრეტულად ჩემზე, მამოტივირებლად მოქმედებს. თავად პედაგოგი იყო და იცის პედაგოგის შრომა.
- პირადად თქვენი კლასი ჩართულია პროექტში? - „მეგობრული კლასიც“ გავხდით, „სუპერ კლასიც“ და „მომავლის კლასიც“ - ყველა ეტაპი გავიარეთ, ასე რომ, არც ეს წარმატებაა ჩვენთვის უცხო. უამრავი დიპლომი აქვთ ჩემს მოსწავლეებს, მშობლებიც გვემადლიერებიან, ბავშვებს პროფესიონალი გუნდი რომ უდგენს საკითხავ ლიტერატურას და ასეთ დროს მეტად მწყდება გული, იმ მოსწავლეებზე, ვინც არაა ჩართული პროექტში.