ბადაგაძეების მრავალშვილიანი ოჯახის თვითიზოლაცია - Izrune.ge-ს ერთგული მეგობარი დუშეთიდან
ნინო, ქეთევანი, დავითი და პატარა ბარბარე დუშეთის მუნიციპალიტეტის,
დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამჟამად, ისევე, როგორ ყველა, იძულებითი არდადეგების გამო, დროს სახლში ატარებენ. ოთხივე დედმამიშვილი კარგი სწავლით გამორჩევა; ასევე აღსანიშნავია, რომ ოთხივე ყველაზე მზრუნველი პროექტის ერთგული მეგობარია და izrune.ge-ს განსაკუთრებულობას ახლა, თვითიზოლაციისას უფრო გრძნობენ, რადგან ტესტებს ონლაინ გადიან და განსაკუთრებით მოსწონთ პროექტის ახალი კითხვები, რომლებიც პირად ჰიგიენას ეხება.
სანამ ბავშვებს დაველაპარაკებოდით, რამდენიმე კითხვით დედას -
ანა მახარაშვილს მივმართეთ და პირველ რიგში იმის გაგება ვცადეთ, როგორ უმკლავდება სახლის პირობებში ოთხი მოსწავლის ონლაინ-გაკვეთილებსა და დისტანციურ სწავლებას.
- ადვილი არაა, ოთხი მოსწავლის დაკვალიანება, თუმცა უფროსები მაინცდამაინც არ მაწუხებენ, დამოუკიდებლად ამზადებენ გაკვეთილებსაც და izrune.ge-ს ტესტებსაც ასევე დამოუკიდებლად გადიან.
- პროექტს როგორ შეაფასებდით?- izrune.ge ძალიან მოგვწონს, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა ამჟამად, მხოლოდ უმცროსს, პირველკლასელ ბარბარეს ვეხმარები ხოლმე. სიმართლე გითხრათ, არსებულ ვითარებაში Izrune.ge-მ ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა; სწორედ მისი საშუალებით, ბავშვები უფრო დაკავებულები არიან, მუდმივად მეცადინეობენ, ცდილობენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ, რათა ტესტირება წარმატებით გაიარონ და ერთი სული აქვთ, როდის მოვა ხუთშაბათი.
- დიპლომების მიღებისას რა ემოცია აქვთ?- უხარიათ, თუმცა ამას ყველაზე მეტად ბარბარე გამოხატავს. უფროსები შედარებით თავშეკავებულები არიან. სხვათა შორის, ბარბარეს კლასში მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩართულები პროექტში და უნდა გენახათ, მისი სიხარული, როდესაც საკლასო ოთახში მხოლოდ მისი დიპლომი გამოაკრეს. ემოციებს ვერ მალავდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარბარე გახდა მოტივატორი სხვა ბავშვებისთვისაც - მოგვიანებით, პროექტში სხვებიც ჩაერთნენ.
- შეუძლებელია, არ გკითხოთ ონლაინ-გაკვეთილებზე... როგორ ახერხებენ ბავშვები, ერთმანეთს ასეთ დროს ხელი არ შეუშალონ?- სახლში ორი ბუკი გვაქვს და ერთმანეთს ენაცვლებიან, დრო არ ემთხვევათ, ხან ტელეფონით შედიან... ასე რომ, დიდად ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ერთია მხოლოდ - პატარა სკოლა გვაქვს სახლში. ბავშვებიც მოცლილები ნამდვილად არ არიან, მუდმივად ცდილობენ ისწავლონ და მეც ვუძლებ.
დათო ბადაგაძე: „სახლში ცოტა მოვიწყინე, სკოლა მენატრება, თუმცა izrune.ge მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს. ეს პროექტი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მათემატიკური კითხვები მიყვარს და რომ გავიზრდები, შეიძლება მათემატიკის მასწავლებელიც კი გამოვიდე. ახლა კითხვები რომ დაემატა პირად ჰიგიენაზე, იცით, მე ყველას კარგად ვუპასუხე და როდესაც სახლიდან გასვლის უფლება გვქნება, პირველი რასაც გავაკეთებ - სკოლაში წავალ“.
ბარბარე ბადაგაძე: „გამარჯობა, მე ბარბარე ვარ. სახლში თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა სკოლა მომენატრა. Izrune. ge კი ძალიან მომწონს, რადგან სახლიდან არ გავდივარ და ისე ვიღებ დიპლომებს. არ გეგონოთ, უფროსი და-ძმა მეხმარებოდეს, კითხვებს დამოუკიდებლად ვპასუხობ, თუმცა ხანდახან დედიკო მეხმარება ხოლმე“.
ნინო ბადაგაძე: „პროექტში დიდი ხანი არაა, რაც ჩავერთე, მაგრამ ძალიან მომწონს, შემეცნებითია, საინტერესო. აქამდე სხვადასხვა საკითხებს მეგობრებთან ერთად განვიხილავდი, ერთად ვიძიებდით ლიტერატურას, ვემზადებოდით შემაჯამებელი ტესტისა თუ წიგნიერების დღისთვის... ახლა კი სახლში ვართ და ამის საშუალება არ არის, თუმცა პროექტის ერთგულები ვრჩებით და ვიცით, რომ izrune.ge-სთან ერთად არ მოვიწყენთ“.
ქეთევან ბადაგაძე: „ძალიან მიყვარს izrune.ge, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სწავლა არ არის და სკოლები დაკეტილია. ყოველ ხუთშაბათს ველი, რომ ტესტიც გავიარო და შემდეგ უფრო მეტი ვიმეცადინო, რათა საუკეთესო შედეგები მქონდეს. რომ გავიზრდები, ჯერ არ ვიცი, ვინ გამოვალ, მაგრამ სამაგიეროდ ის ვიცი, გარეთ გასვლის უფლება რომ მოგვეცემა, რას გავაკეთებ - სკოლაში გავიქცევი“.