24 აპრილი, 2020
როდესაც სკოლაში წავალ, არ გეგონოთ izrune.ge დამავიწყდეს. ძალიან, ძალიან მიყვარხართ“ - ანანო ხარანაული დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლიდან
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები“ - ეს izrune.ge-ს ტესტია, რომელიც ძალიან ბევრმა ბავშვმა წარმატებით გაიარა, თუმცა ერთმა გოგონამ, რომელიც მოუთმენლად ელოდა ხუთშაბათს, პირველმა შეძლო ტესტის გავლა. ეს დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელი ანანო ხარანაულია, რომელიც, მიუხედავად ესოდენ გახანგრძლივებული იძულებითი არდადეგებისა, izrune.ge-ს ერთგულ გულშემატკივრად რჩება. ისიც კი მითხრა - ახლა მეტად შემიყვარდა izrune.ge, რადგან კარანტინისას ძალიან მახალისებს და მეტ მოტივაციას მაძლევსო.
დიახ, ანანო გრძნობს ყველაზე მზრუნველი პროექტის მზრუნველობას, საკუთარ თავს პირობაც მისცა - „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები“ ტესტს პირველი გავივლიო და ძილზეც უარი თქვა, რათა საკუთარი მიზნისთვის მიეღწია. 00:00:57-ზე ანანოს izune.ge-ს სავარჯიშო ტესტიც გავლილი ჰქონდა, მაღალი - 85 ქულაც მიიღო და ისიც იცოდა, რომ საკუთარი თავისა და izrune.ge-სთვის მიცემული პირობა შეასრულა.
„ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდა ხუთშაბათს. ამბობდა - ტესტი პირველმა უნდა გავიაროო. ძალიან ჩქარობდა და სწორად ამის გამო, რამდენიმე კითხვას შეცდომით უპასუხა, თუმცა მაინც მაღალი შეფასება მიიღო. ახლა, როდესაც სახლში გვიწევს ყოფნა izrune.ge ძალიან გვახალისებს ახალ-ახალი კითხვებით და ბავშვიც მუდმივად ცდილობს, უკეთ ისწავლოს, მეტი იმეცადინოს“, - გვითხრა ანანოს დედიკომ, ნათია ცანკაშვილმა.
თავად ანანომ კი გაგვიმხილა, რომ ძალიან მობეზრდა სახლში ყოფნა, უზომოდ ენტარება ყველა მეგობარი და რა თქმა უნდა სკოლა, მასწავლებლები:
„გამარჯობა, მიხარია რომ დამირეკეთ... ცოტა მოვიწყინე სახლში, ჩემი მეგობრები და სკოლა მენატრება. იცით, მე პირველმა გავიარე izrune.ge-ს ხუთშაბათის სავარჯიშო ტესტი და ეს ძალიან მიხარია. მინდოდა, პირველი ვყოფილიყავი. მიყვარს izrune.ge... მერე რა, რომ ყოველ ჯერზე ახალ-ახალი კითხვებია და ზოგს სწორად ვერ ვპასუხობ, მთავარია, რომ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა და როდესაც სკოლაში წავალ, მეგობრებს ვნახავ, არ გეგონოთ izrune.ge დამავიწყდეს. ძალიან, ძალიან მიყვარხართ“.
თიანეთის მერიის დამსახურებით მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეუძლიათ.