კარგა ხანია izrune.ge-ს გულშემატკივრობს და პირველი კლასის „წიგნიერების დღის“ კითხვების შემდგენ ჯგუფსაც ხელმძღვანელობს. როგორც ინტერვიუს დროს აღნიშნა, შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს პროექტი ნამდვილად დროული იყო, თუმცა მანამდეც ბევრი არ უფიქრია, ისე ჩაერთო პროექტში.
რატომ ხედავს izrune.ge-ში ყოველი მოსწავლის ჩართულობის აუცილებლობას? როგორ ჩაუდგა პირველკლასელთა კითხვების შემდგენ ჯგუფს სათავეში? რატომ აირჩია პედაგოგის პროფესია? – ამ კითხვებზე პასუხებს
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის 106-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის,
ლია ვარძელაშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- პირველ რიგში, შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ მასწავლებლებსაც, მშობლებსაც და მოსწავლეებსაც ძალიან მოგვწონს izrune.ge და ამ პროექტის აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები, ვხელმძღვანელობ წიგნიერების დღის კითხვების შემდგენ ჯგუფს, ძალიან მოგვწონს მისი არსი, დანიშნულება, მიზანი და მიმაჩნია, რომ izrune.ge კარგი საზრდოა ჩვენი პატარებისთვის. მართლაც დროული პროექტია და შექმნილ სიტუაციას ისე კარგად მოერგო, ბავშვებმა მეტი ენთუზიაზმით აიტაცეს, მოსწონთ და მხოლოდ ბავშვი კი არა, მთელი ოჯახია ჩართული.
- პროექტში თქვენ როგორ ჩაერთეთ, ქალბატონო ლია?
- იყო შემოთავაზება, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა გაგვაცნო პროექტი და სიმართლე გითხრათ, ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, პროექტის აუცილებლობა ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა. ბავშვები ბევრს კითხულობენ, იღებენ ინფორმაციას, შემდეგ საშუალება აქვთ, ეს ცოდნა შეამოწმონ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ. ახლაც ვემზადებით „წიგნიერების დღისთვის“...
- პირველკლასელებისთვის კითხვების შედგენა ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა...- რა თქმა უნდა... ამიტომ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს, ყურადღებით ვარჩევთ თემებს, რომ სახალისოც იყოს, არა რთული, ამასთანავე ხელი მიუწვდებოდეს მშობელსაც, ბავშვსაც და მგონი, უკმაყოფილო არავინაა. პირველკლასელებისთვის ტესტების შედგენა, დამეთანხმებით, იოლი არაა.
- არც დაწყებითების მასწავლებლობაა იოლი, ქალბატონო ლია. რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?- ჩემთვის ეს პროფესია ყველაფერია - ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. საჩხერის რაიონში დავამთავრე სკოლა და იმდენად მიყვარდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომ სწორედ მან შემაყვარა პროფესია.
უზომოდ მიყვარს ბავშვები, მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომიდგენია.
- თუმცა მასწავლებელმა თანამედროვეობას უნდა აუწყოს ფეხი, თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
- რადიკალურად შეცვლილია თაობა, სულ სხვანაირები არიან, თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა. გეთანხმებით - საკმაოდ რთულები არიან, აქტიურები, მომთხოვნები, უსაქმოდ გაკვეთილზე ვერ მოდუნდები, თორემ ახმაურდებიან; ზოგჯერ, ისეთ საოცარ კითხვას დაგისვამენ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო პასუხისას.
- თუმცა, შემდეგ დგება დღე, როდესაც თქვენი დაფრთიანებული პატარები მაღალ კლასში უნდა გაუშვათ. რთულია, ხომ, მათთან განშორება?- 30 წელია სკოლაში ვარ და არ მქონია შემთხვევა, პირველკლასელს ჩემ გაკვეთილზე ეტირა... ისეთი კარგები არიან, ისეთი თვალებით გიყურებენ, წარმოუდგენელია, უღალატო, განასხვავო და ყველა ერთნაირად არ გიყვარდეს. განშორებას რაც შეეხება, ურთულესი მომენტია. დედას შვილებს რომ წაართმევენ, ასეთი განცდა მაქვს. თუმცა, დავძენ, რომ აქ ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება და მეც მუდმივად ვგრძნობ მათზე პასუხისმგებლობას. ხშირად ვეუბნები - სანამ სკოლის კედლებში ხართ, ჩემებად რჩებით!