შიდა ქართლის შეჯამება - „ესაა ზრუნვა მოსწავლეებზე და izrune.ge-ს სახელიც აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული“
შიდა ქართლი, რომლის მოსახლეობამაც არცთუ შორეულ წარსულში არაერთი განსაცდელი გამოიარა, izrune.ge-სთვის განსაკუთრებული რეგიონია. აქ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ და ეს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ძალიან კარგად იცის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ „ეტალონი მედია-ჯგუფსა“ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს,
გიორგი ხოჯევანიშვილს შორის გაფორმდა მემორანდუმი და 2019-2020 წელს, შიდა ქართლის მკვიდრ მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ. ამით
გოჩა ტყეშელაშვილმა და „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ izrune.ge მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებზე, მომავალ თაობებზე ორიენტირებული პროექტია.
ზრუნვა მომავალზე - თითოეული ჩვენგანის ვალია; დაგვეთანხმეთ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ადამიანებს ელემენტარულად, მშვიდი ძილის საშუალება არ აქვთ, მათკენ გადადგმული ყოველი მზრუნველი ნაბიჯი, აგრძნობინებს, რომ მარტონი არ არიან, მათზე ფიქრობენ, მათზე ღელავენ და ეს „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ არაერთხელ დაამტკიცა. აკი, გვითხრა კიდეც ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა - პროექტის სახელი სწორად შეგირჩევიათ - izurne.ge ჭეშმარიტად მზრუნველი პროექტიაო.
არ დაგიმალავთ, სასიამოვნოა, როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ. სწორედ მაშინ ხვდები, რომ შრომას ამაოდ არ ჩაუვლია და როდესაც იცი, შენი საქმით მომავალი თაობების განათლებას უწყობ ხელს, საამაყოც უდავოდ გაქვს.
ამჯერად სასწავლო წლის შემაჯამებელ სტატიში, შიდა ქართლის სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გაგაცნობთ.
გელა ჯაფარიძე, გორის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:- ძალიან კმაყოფილები ვართ izrune.ge-სთან თანამშრომლობით. მოსწავლეებიც, მშობლებიც, პედაგოგებიც მადლობლები არიან ამ პროექტისა და მომავალშიც, ასე გაგრძელდება. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, ბავშვებს მეტი მოტივაცია მიეცათ მას შემდეგ, რაც „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ გადაწყვიტა, ჩვენი ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასო ყოფილიყო. მათ იგრძნეს მზრუნველობა და ამისთვის, უღრმესი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. Izrune.ge შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროექტია.
ლია ფალელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის, ტყვიავის საჯარო სკოლის დირექტორი:- izrune.ge-ში ჩართულობა მოსწავლეებისთვის მრავალმნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება მეტად და ბავშვებისთვისაც ძალიან საინტერესოა. მოსწავლე აქტიურდება და მოტივაციაც აქვს, არაფორმალური განათლებისათვის, ფორმალური განათლება მეტი ჰქონდეს, რათა მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოს. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბავშვები მას შემდეგ, რაც პროექტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში ჩართვა ჩვენ მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ. ეს მართლაც მომავალ თაობებზე მზრუნველი ნაბიჯი იყო და სიმართლე გითხრათ, დისტანციურმა სწავლებამაც შეუწყო ხელი, izrune.ge უფრო ახლობელი გამხდარიყო მათთვის.
მანანა გეჯაძე, კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორი:- izrune.ge-ში ჩართულობით მოსწავლეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ, ტესტებზე ელექტრონულად მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა უნარი განივითარონ. პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია მშობელთა ჩართულობის მხრივ და ეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია - ოჯახი-სკოლა-საზოგადოება - თუ წრედი შეკრული არ არის, დადებით შედეგებზე გასვლა ჭირს, izrune.ge-მ კი სწორედ ამ ჯაჭვის შეკვრა მოახერხა. განსაკუთრებით გაიზარდა ჩართულობა მას შემდეგ, რაც ბავშვებს პროექტში უსასყიდლოდ მონაწილეობის საშუალება მიეცათ და ამის გამო, მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის - ყველა დარწმუნდა, რომ izrune.ge ბავშვებზე, მომავალ თაობებზე ორიენტირებული პროექტია, უდავოდ ზრუნავს მათზე და ეს გახდა თვალსაჩინო მშობლებისთვისაც.
მარიკა ღვინიაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის, რუისის საჯარო სკოლის დირექტორი:- პროექტში მაშინვე ჩავერთეთ, როგორც კი გავეცანით, თუმცა დაინტერესება იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ბავშვმა გამოთქვა. მას შემდეგ ბავშვებიც, მშობლებიც ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ინტერესმაც მოიმატა. მე, როგორც სკოლის დირექტორი, კმაყოფილი ვარ ჩვენი თანამშრომლობით და ზოგადად მომხრე ვარ, სკოლის იქით, მოსწავლე არაფოემალურ განათლებაში იყოს ჩართული. მშობლები სიხარულით გვიზიარებენ შვილების წარმატებებს, ძალიან ახარებთ izrune.ge-ს დიპლომები და მჯერა, ეს პროექტი უფრო ყოვლისმომცველი გახდება, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენ ბავშვებს მასში უსასყიდლოდ ჩართვის საშუალება მიეცათ, მეტი რწმენა გაჩნდა izurne.ge-სა და პროექტის ავტორების მიმართ - ესაა ზრუნვა მოსწავლეებზე და სახელიც აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული.
მანანა ლაცაბიძე, ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი: - izrune.ge უდავოდ საჭირო და დროული პროექტია. ბავშვებს საკუთარი უნარების, ცოდნის გამოვლენის საშუალება აქვთ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ტესტირებებს. აქედან გამომდინარე, მეტად აქტიურები გახდნენ და მეტადაც ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც ძალიან მახარებს. მოტივაცია დიდია, ახარებთ საკუთრი წარმატებები და სხვისი წინსვლაც აბედნიერებთ. იძიებენ ინფორმაციას, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას და მას შემდეგ, რაც პროექტში უფასოდ ჩაერთნენ, უფრო გააქტიურდნენ. ასევე დიდია პედაგოგებისა და მშობლების ინტერესი, მათი ჩართულობა ბავშვებს სტიმულს მატებს.