„izrune.ge-მ სულზე მოგვისწრო - საქართველოს მომავალი, მომავალი თაობის განათლებაშია“
დისტანციური სწავლება, ონლაინ-რეჟიმი, განათლების ხარისხი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ერთგვარი გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიო პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დააყენა; სასიხარულო ისაა, რომ ყველა წინააღმდეგობა პედაგოგებმაც, მოსწავლეებმაც, სკოლების ადმინისტრაციამაც და ზოგადად განათლების მესვეურებმა, ასე თუ ისე, წარმატებით დაძლიეს; ხოლო ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ის, როდესაც იცი, განათლებულ მომავალზე მდგარი სახელმწიფოს მშენებლობაში, ერთი აგური თავადაც დადე.
აკი, აღნიშნავენ კიდეც ჩვენი რესპონდენტები, ამ პენდემიისას izrune.ge-მ სულზე მოგვისწრო, რადგან უკვე მომზადებული ჰქონდა სწავლების ონლაინ-რეჟიმისთვის ერთგვარი საფუძველი.
ასე მოხდა ცაგერის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც, როდესაც რაჭა-ლაჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის izrune.ge უფასო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარი ცაგერის მერიამაც დაუჭირა და საბოლოოდ, ისე მოხდა, მსოფლიო პანდემიისა და კარანტინის პირობებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ მოსწავლეებს, არც ეროვნული სასწალო გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობები მოკლებიათ და არც არაფორმალურ განათლებას გამოკლებიან.
გოგი კვირიკაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი:- საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ აღმოჩენაა ჩვენთვის - ერთ–ერთი უპირველესი საგანმანათლებლო პროექტია და izrune.ge-მაც სულზე მოგვისწრო, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.
საქართველოს მომავალი – მომავალი თაობის განათლებაშია და დარწმუნებული ვარ, სწორედ განათლებული მომავალი თაობები შეძლებენ გაუმკლავდნენ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მერია, საკრებულო – ყველანი მხარში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ბავშვები ჩართულიყვნენ izrune.ge-ში და ჩვენ ამ რეჟიმით ვაპირებთ, განვაგრძოთ ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რეგიონებში ბიუჯეტი შეზღუდულია, მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტია! ყველა რესურსი შეიძლება ამოიწუროს, მაგრამ მომავალი თაობის განათლებისთვის სახსრები ყოველთვის გამოიძებნება - სხვა არჩევანი არ არსებობს. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც და ეს იქნება წარმატებების საწინდარი მომავალი თაობებისთვის.
დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:- როგორც კი გავეცანი, ძალიან მომეწონა პროექტი. მრავლისმომცემი იყო არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ მშობლისა და პედაგოგებისთვის... ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით და ჩაგვერთო ზოგადად სასკოლო საზოგადოება - ოჯახი-მოსწავლე- მასწავლებელი.
სიმართლე გითხრათ, izrune.ge დისტანციური სწავლებისას ძალიან დაგვეხმარა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ბავშვებისთვის პროექტი უფასო ყოფილიყო და თავად დაეფინანსებინათ, ამ ნაბიჯმა ინტერესიც გაზარდა და მოტივაციაც - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემეგობრა მზრუნველ პროექტთან; მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის... ეს გადაწყვტილება მართლაც დროული იყო, რადგან ჩვენ სკოლაში ბევრი მოსწავლე გვყავს, ხოლო ბიუჯეტი მწირია - კომუნალურ გადასახადს ძლივს ჰყოფნის და განათლების სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება მხარში რომ არ გვედგეს, არც კი ვიცი, რა როგორ მოხდებოდა, თუმცა ფაქტია - დიდი სურვილი მაქვს და ვეცდები, ყოველთვის გამოვნახო სახსრები, რათა ჩვენი სკოლა არ მოწყდეს izrune.ge-ს.
ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი:- ჩვენი სკოლა, წლების განმავლობაში „ეტალონთან“ მეგობრობს. გვყავდა გამარჯვებული მოსწავლეც... ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ izrune.ge უპირობოდ მივიღეთ, ბავშვებმაც შეიყვარეს პროექტი და ასე მოვდივართ დღემდე.
ზოგადად, არაფორმალური განათლება ბავშვს აძლევს საშუალებას, გაიფართოვოს თვალსაწიერი და izrune.ge ამის ნათელი დადასტურებაა. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს და როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, დიდი სიამოვნებით მთელი სკოლა, ყოველი მოსწავლე 1-12 კლასის ჩათვლით, დარეგისტრირდა.
ასეთი აქტიურობა იმანაც განაპირობა, რომ ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით, ჩვენ მოსწავლეებს წვდომა უფასოდ აქვთ. სიმართლე გითხრათ, ეკონომიკურად შეჭირვებული, სოციალურად დაუცველი ბევრი მოსწავლე გვყავს და ეს იყო მერიის უდიდესი საჩუქარი თითოეული მათგანისთვის. Izrune.ge ემსახურება მართლაც საოცარ საქმეს და დიდ შრომას სწევს თითოეული ბავშვის განათლებისთვის.
ნუნუ კოპალიანი, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენი სკოლა, რაიონში პირველი იყო, რომელიც პროექტში ჩაერთო და მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის ავტორების მიმართ.
ესაა ძალიან კარგი პროექტი, მოსწავლეებისთვის უზომოდ საინტერესო, განსაკუთრებით დაწყებითებიდან საბაზომდე და პანდემიის დროს, ბავშვები უფრო გააქტიურდნენ. იმდენად დაინტერესებულები იყვნენ, რომ შედეგებიც შთამბეჭდავი ჰქონდათ - მათი ოქროს დიპლომების ატვირთვას ვერ ავუდიოდი ჩვენი სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.
ჩართულობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მუნიციპალიტეტის მერიამ დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, გადასახადი მიზერული იყო, ზოგიერთი ოჯახისთვის ეს მაინც შემაფერხებელი ფაქტორი გახლდათ და ამ გადაწყვეტილებამ სწორედ მაქსიმალური ჩართულობა განაპირობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას.
ალექსანდრე გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი:- „ეტალონთან“ წლებია ვმეგობრობთ. ლაილაშის სკოლას გამარჯვებულიც კი ჰყავდა 2017 წელს... იქიდან მოყოლებული, ბავშვებს სტიმული მიეცათ, აქტიურები და მაქსიმალურად ჩართულები ყოფილიყვნენ პროექტში. დისტანციური სწავლებისას კი, izrune.ge, ჩვენმა სკოლამ, სათანადო განათლების მიცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აქცია და აბსოლუტურად, ყველა მოსწავლე დავარეგისტრირეთ. უღრმესი მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ამის საშუალება მოგვცა და კიდევ ერთხელ დაგვანახეს - განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია!