ამჯერად izrune.ge რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ონის მუნიციპალიტეტში გაწეული შრომის ერთგვარ ანგარიშს გაბარებთ. როგორ დაიმკვიდრა თავი მზრუნველმა პროექტმა ადგილობრივ მოსწავლეებს შორის, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი ფაქტია - პროგრამა-მინიმუმი შესრულებულია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ - izrune.ge ონში უყვართ, თუმცა მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული პროექტი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და ეს არაერთხელ დადასტურდა.
პროგრამა მაქსიმუმი ადგილობრივი მოსწავლეების izrune.ge-ში მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა იყო და თავდაუზოგავი შრომისა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით, ეს მიზანიც მიღწეულია.
ერთია, როდესაც მომავალი თაობების განათლებას ემსახურები და მეორე - როდესაც ხვდები, რომ ამ საქმეში მარტო არ ხარ - გაქვს მხარდაჭერა, რომელიც თუნდაც იმაში გამოვლინდა, რომ ონის სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ შეეძლოთ ჩართვა, რადგან ეს ხარჯი, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღო. ამიტომაცაა, წლიური შეჯამებისას, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები მადლიერებას ვერ მალავენ ხელისუფლებისა და რა თქმა უნდა, პროექტის ხელმძღვანელობის მიმართ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩიკვაიძე კი სწორედ იმაზე გვესაუბრება, რამდენად პრიორიტეტულია განათლება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რადგან „განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი“.
- როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია განათლება, რადგან სწორედ განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, რათა ჰქონდეთ მეტი ხელმისაწვდომობა განათლებაზე.
კონკრეტულად, ონის მუნიციპალიტეტზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა წარმატებით. ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი აბიტურიენტები საუკეთესო შედეგებზე გადიოდნენ, ჩვენი მასწავლებელები სხვადასხვა ჯილდოს იღებდნენ და ახლაც ასეა... ყოველივე ეს კი, ერთი მხრივ, იმის დასტურია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკა სწორია - სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გვიზრდის პასუხისმგებლობასაც, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება უფრო და უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და ხელისუფლების მხრიდან; სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, izrune.ge უფასოდ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსწავლეებისთვის. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც გვქონდეს ხელშესახები წარმატება. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ izrune.ge-მ დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ბავშვებიც ამ გამოწვევას, ფაქტობრივად, მომზადებულები შეხვდნენ - მათ კარგად იცოდნენ ონლაინ-რეჟიმში მუშაობა. Izrune.ge უდავოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ინტერნეტი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანი წყაროა განათლების მიღების და ეს შექმნილ მდგომარეობაში ნათლად გამოჩნდა, როცა პანდემიის გამო იძულებულები გავხდით, გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა izrune.ge-ს, მთავარია, ჩვენც შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი ამ მიმართულებით.
დალი რაზმაძე, ონის საჯარო სკოლის დირექტორი: - მესამე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია პროექტში და ამ პერიოდში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეების ჩართულობამ სასკოლო ცხოვრებაში, საგრძნობლად მოიმატა. სხვათა შორის, თავიდან მშობლებმა გამოხატეს ძალიან დიდი ინტერესი, მას შემდეგ, რაც izrune.ge გავაცანით, თუმცა იმ პერიოდში, უფრო მეტად ჩაერთნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეები. შეუძლებელია არ აღვნიშნო ის, რომ ბავშვებს ძალიან გამოადგათ მიღებული ცოდნა, გამოცდილება... მაშინ ჯერ კიდევ აქტუალური იყო ინტერნეტის პრობლემა, თუმცა იმ პერიოდში ყველა წინააღმდეგობა ერთად დავძლიეთ, ხარვეზებიც აღმოიფხვრა და პანდემიის პირობებში, izrune.ge უპრეცედენტო აღმოჩნდა; მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ მოსწავლეებს პროექტზე წვდომა უფასოდ ჰქონოდათ, მეტად გაიზარდა ინტერესი და მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. დისტანციური სწავლებისას, ბავშვები izrune.ge-ს დიპლომებს აზიარებდნენ საკუთარ სოცქსელებში და მეც, როგორც დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არაფორმალური განათლების პროექტები საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება მათ.
მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:- izrune.ge საყვარელი პროექტია როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის პირობებში. საქმე ის გახლავთ, რომ თავიდან, დიდი ინტერესის მიუხედავად, ყველა მოსწავლე ვერ ახერხებდა მონაწილეობას, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაფინანსება, ინტერესმაც და ენთუზიაზმმაც ერთიორად მოიმატა. ვფიქრობ ასეთი პროექტები ყოველთვის უნდა არსებობდეს, რადგან არაფორმალური განათლება მეტად აახლოებს ბავშვებს და ეს izrune.ge-მ, ზოგადად „ეტალონმა“ არაერთხელ დაამტკიცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ზრუნავენ მომავალი თაობების განათლებაზე და მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას.
ანა მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის, ღარის საჯარო სკოლის დირექტორი:
- izrune.ge-ში ჩართვა გადავწყვიტეთ იმ წუთიდან, როგორც კი ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა პროექტი გაგვაცნო. თუმცა ეს ჩართულობა არ იყო მაქსიმალური, ხოლო მას შემდეგ, რაც მერიამ დააფინანსა, თითქმის ყველა მოსწავლე დავარეგისტრირეთ - ფაქტია ეს უმნიშვნელოვანესი და მოსწავლეების სასიკეთო გადაწყვეტილება იყო.
ზოგადად, არაფორმალური განათლება ძალიან საჭიროა და ეს, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა. დისტანციური სწავლებისას, izrune.ge-მ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა - ბავშვები ერთგვარად მომზადებულები შეხვდნენ ყველა გამოწვევას, იცოდნენ, როგორ ემუშავათ დისტანციურად, თან სწავლობდნენ და პარალელურად, არც izrune.ge-ს ტესტირებებს ივიწყებდნენ. მუდმივად მეკონტაქტებოდნენ, ცდილობდნენ გადაემეორებინათ სკოლაში განვლილი მასალა, კითხულობდნენ კლასგარეშე ლიტერატურას, მუშაობდნენ საკუთარ თავზე, რათა უკეთესი და უკეთესი შედეგები ჰქონოდათ.