როდესაც მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგახარ, იქ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ იქნება ხელშემშლელი და ეს izrune.ge-მ არაერთხელ დაამტკიცა... მაშინაც, როცა პანდემიამ ქვეყანაში ყველა სფერო და მათ შორის, განათლების სისტემა დააპაუზა, ყველაზე მზრუნველმა პროექტმა, თანამოაზრე პატარა იზრუნელები არ მიატოვა, ბოლომდე უერთგულა და მომზადებულები შეახვედრა ონლაინ-გაკვეთილებს.
ახლაც, სასწავლო წლის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია, პატარა იზრუნელებმა იგრძნონ izrune.ge-სთან მეგობრობის უწყვეტობა და ამისთვის შეიქმნა საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც, ყოველ ხუთშაბათს მათ ტრადიციულად ელით ტესტები და ყოველი თვის შემაჯამებელი ტესტები კი ეძღვნება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებს.
„გაიცანი საქართველოს“ დახმარებით, მოსწავლეები არსებულ ცოდნას იმტკიცებენ, მშობლიური ქვეყნის შესახებ საჭირო ინფორმაციას იღებენ, ახალი სასწავლო წლისთვის, izrune.ge-სთან ერთად, მხიარულად ემზადებიან და მთელ საქართველოშიც ვირტუალურად მოგზაურობენ.
5 აგვისტოს სავარჯიშო ტესტი ჩვენს უნიკალურ სამეგრელო და ზემო სვანეთის უკეთ შეცნობას ეძღვნება.
სამეგრელო და ზემო სვანეთის ტესტის წარმდგენები არიან ქალაქი ფოთი და აბაშის მუნიციპალიტეტი. ნინო ჯაკონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსი, რომელიც izrune.ge-სა და ტესტების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ზოგადად, izrune.ge ძალიან კარგი პროექტია და განსაკუთრებით მომწონს ტესტები გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში - ესაა მისასალმებელი წამოწყება, რომელიც წარმოაჩენს ქალაქს, დაეხმარება მოსწავლეებს, მეტი შეიმეცნონ მშობლიური ადგილების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს იქცევა ჩვენს სავიზიტო ბარათად.
განათლების განყოფილება არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია და ასეც უნდა იყოს - ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს სფერო პრიორიტეტულია, რადგან ჩვენი მიზანია განათლებული თაობების აღზრდა. izrune.ge-ს ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მშობლების, პედაგოგების, მოსწავლეების დამოკიდებულება კი ასეთია - ერთხმად მიესალმებიან izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებულ ყველა წამოწყებას და ამაზე მეტყველებს „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი მოსწავლეების ჩართულობის მაღალი მაჩვენებელიც. წარმატებებს ვუსურვებ izrune.ge-ს, „ეტალონს“ და ამ დიდი ოჯახის ყველა წევრსა თუ გულშემატკივარს“.
მანანა ჯღარკავა კი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსია და პროექტს დიდი ხანია გულშემატკივრობს:
„პირველ რიგში, მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან „ეტალონისა“ და izrune.ge-ს მიმართ ღია მხარდაჭერა გამოვხატო. ნამდვილად საშური საქმეა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ასეთი პროექტების განხორციელება და ტესტების შედგენა, რომლებიც მშობლიური ქვეყნის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. მოხარული ვარ, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდებში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეები საზაფხულო ტესტს დიდი წარმატებით გაივლიან. მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ მიაღწიონ ბრწყინვალე შედეგებს და იყვნენ კონკურენტულები. მე კი წინსვლას ვუსურვებ თითოეულ მათგანს, izrune.ge-სა და „ეტალონთან“ ერთად“.