„izrune.ge-ს ტესტები მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლის მოტივაციას უჩენს“- ელზა სისაური
izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.
სწორედ ასეთი პედაგოგია
ელზა სისაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-4ა კლასის დამრიგებელი. მისი მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?- ჩემს კლასში სულ 6 მოსწავლეა. განსაკუთრებით აქტიური კი 3 მათგანია, დანარჩენები გარკვეული მიზეზების გამო ტესტირებაში ვერ ჩაერთნენ. პორტალზე რეგისტრირებულები შარშანაც ვიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბავშვები არ აქტიურობდნენ. შემდეგ izrune.ge-დან დაგვიკავშირდნენ, დავინტერესდით, სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ დარეგისტრირებულები ვიყავით. მას შემდეგ - უკვე ოქტომბრიდან, ტესტირებაში აქტიურად და წარმატებით ვართ ჩართული. მათ ყოველთვის კარგი ქულები აქვთ, ძირითადად, 100, 90, 85 ქულა. ძალიან კარგი ბავშვები არიან და შედეგებიც შესაბამისი აქვთ.
- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?- მოსწავლეები ტესტირების პროცესში დიდ აქტიურობას იჩენენ. წინა ჯერზე მოსწავლემ თვითონ მომწერა, რომ ტესტირების დღე იყო. იცინ, რომ ყოველ ხუთშაბათს ტესტები უნდა გააკეთონ და შემაჯამებელი დავალებაც. წინასწარ ვემზადებით რა ტექსტზე იქნება საუბარი, განვიხილავთ რა არის მთავარი სათქმელი და რას გვასწავლის კონკრეტული მოთხრობა.
- თქვენი მოსწავლეები ტესტირებებში წარმატებით და აქტიურად მონაწილეობენ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?
- პირველ რიგში, იმის მიღწევა მინდა, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლონ და რა თქმა უნდა, ცოდნაც შეიძინონ. მნიშვნელოვანია, საკლასო მასალის გარდა, კლასგარეშე ლიტერატურასაც გაეცნონ, ეს მათი ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგია. izrune.ge-ს ტესტებიც სწორედ ამაზეა მორგებული, მოსწავლეებმა საკითხი უნდა გაიაზრონ და ისე უპასუხონ. ტესტები მათ დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლის მოტივაციას უჩენს.
- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებული ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?- მშობლები შვილების წარმატებით ძალიან დაინტერესებულები არიან. შესაბამისად, ტესტირების მიმდინარეობაშიც ერთვებიან, ყველანაირად ხელს უწყობენ. ერთი მშობელი იმდენად აქტიურია, რომ ტესტირებაში მეორე შვილიც ჩართო. თავად დაარეგისტრირა, რადგან ამ ბავშვის კლასი და დამრიგებელი არ იყვნენ ჩართული. შემდეგ მან დამრიგებელიც საქმის კურსში ჩააყენა, დააინტერესა, პედაგოგმა კი თავის მხრივ, სხვა მოსწავლეებიც ჩართო.
- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?- მოსწავლეებისთვის დამრიგებლის ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რომ არ ყოფილიყო ჩემი აქტიურობა, ტესტირების შესახებ ვერც გაიგებდნენ და ვერც ჩაერთვებოდნენ.
მოსწავლეებთან ტექსტების გააზრებაზე ვმუშაობ, ვარიგებ ხოლმე რას მიაქციონ ყურადღება, როგორ გამოკვეთონ საკვანძო სიტყვები და როგორ იმუშაონ ტექსტზე. მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა წარმატებას მიაღწიონ და ამაში დამრიგებლის როლი ძალიან დიდია. მომწერენ ხოლმე რაც მათთვის გაუგებარია, შემდეგ კი დეტალურად განვიხილავთ. ტესტირების დასრულებისას კი თავიანთ ქულას მაშინვე მწერენ.
- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?- უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებში ჩართულები და აქტიურები იმიტომაც არიან, რომ მათზე სახლიდან მუშაობენ, ზედმეტი გადაადგილება არ უწევთ. ჩვენ სოფელში ვართ და თუ რაიმე ტესტირება დასწრებით იყო, მოსწავლეებს ქალაქში წასვლა უწევდათ. ამ მხრივ კი ეს ტესტირების თქვენი ფორმატი მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი, მოსახერხებელი და მისაღებია.