09 ნოემბერი, 2017
ალექსანდრე ჯეჯელავა: გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი
„ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„რატომ იყო კარგი სამსახური მასწავლებლობა საბჭოთა კავშირში? - იმიტომ, რომ მასწავლებელი 2 საათზე დაამთავრებდა მუშაობას, მიდიოდა სახლში და უვლიდა ოჯახს. ითვლებოდა, რომ მასწავლებლის სამუშაო ნახევარგანაკვეთიანი იყო. დღევანდელი მოთხოვნები რომ ნახოთ, მასწავლებელს იმდენად ბევრი საქმე აქვს, რომ ვერასდროს ვერ წავა სახლში 6 საათზე ადრე.
ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება ორი კატეგორიის მასწავლებელი: ერთი, რომელიც ჩადებს ინვესტიციასა და ენერგიას თავის პროფესიულ განვითარებაში. მას ეწოდება უფროსი მასწავლებელი და მისი ხელფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საშუალო ხელფასი. ასევე გვეყოლება მეორე ტიპის მასწავლებელი, რომელიც არ არის ძალიან აქტიურად ჩართული პროფესიულ განვითარებაში, მისი ხელფასი იქნება საშუალოზე დაბალი. ევროპულ ქვეყნებში ეს პროცესი გაიარეს და ამიტომაც აქვთ მასწავლებლებს მაღალი ანაზღაურება. არც ერთი ევროპელი პედაგოგი მუშაობას ორ საათზე არ ამთავრებს. ამიტომ როცა შედარებას ვახდენთ ევროპის ქვეყნებთან, ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.