10 ნოემბერი, 2017
დავით ნარმანია: თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა- ბაღი
„თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და 13 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს“,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამაგრდა 3 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 საბავშვო ბაღს და 2 ბაღის დახურულ ფლიგელს, ასევე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 100-ზე მეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, 33 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსები, ხოლო ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იქნება მორგებული.
”სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი. ყველა ბაღისთვის შემუშავდა ერთნაირი მენიუ. მუდმივად მიმდინარეობს კვების პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები. თბილისის ბაგა-ბაღებში 2000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ 2016 წლიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი დაემატა.