როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ბაღში სიარულს სტრესის და ტირილის გარეშე?!- ფსიქოლოგის რჩევები
თქვენი პატარა უკვე გაიზარდა და ბაღში ან სკოლაში წასასვლელად ემზადება. დაწესებულება საგულდაგულოდ შეარჩიეთ, რეგისტრაციაც გაიარეთ, შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, წიგნები, რვეულები, სასკოლო ჩანთა... ამ ნუსხას ერთი, შეიძლება ითქვას, მთავარი პუნქტი აკლია– ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა. ამ ფაქტორის უგულებელყოფამ შესაძლოა მთელი სამზადისი წყალში ჩაგიყაროთ. ფსიქოლოგიური მზაობა მრავალ ნიუანსს ითვალისწინებს, რომელთა ცოდნაც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ექიმი ფსიქოთერაპევტი, პედიატრი, სამედიცინო ფსიქოლოგი ლიკა თუშიშვილი ბავშვის მზაობის შესახებ საუბრობს და რჩევებსაც გვიზიარებს, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი შვილი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.
„ბავშვი ყოველგვარ სიახლეს მომზადებული უნდა შეხვდეს. ყველა სირთულე, რომელიც საბავშვო ბაღში მისი მიყვანისას იჩენს თავს, სიახლეების შიშითაა გამოწვეული. უცხო გარემო, უცხო რეჟიმი პატარას აშფოთებს. ამიტომ ბაღთან ადაპტაციის მთავარი პრინციპია, საბავშვო ბაღში პატარა რაც შეიძლება ნაკლებ სიახლეს შეეჯახოს. ამისთვის 2-3 თვით ადრე უნდა დაიწყოთ მასთან ბაღზე საუბარი. ესაუბროთ ყოველდღე, რაც შეიძლება ბევრი, აუხსნათ, რა ელის იქ, ვინ დახვდება, რას გააკეთებს, რას ისწავლის, როგორ უნდა მოიქცეს და ა.შ. კარგი იქნება, თავად საბავშვო ბაღიც დაათვალიერებინოთ – აჩვენოთ მისი შენობა, ეზო, სათამაშო მოედანი, გააცნოთ აღმზრდელი. ასეთი გაცნობითი ტური სამ-ოთხჯერ მაინც გაიმეორეთ. ამის შემდეგ ბავშვი ბაღს უცხო გარემოდ აღარ აღიქვამს და იქ მოხვედრა ნაკლებად შეაშფოთებს. შფოთვა სრულიად ვერ გაქრება, ვინაიდან ეს არის ჯანსაღი რეაქცია გარემო ფაქტორებზე, მაგრამ დაბალი ხარისხისა იქნება და პატარას გუნება-განწყობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
მეორე, რაც ბავშვს აშფოთებს, დედასთან განშორება, მასთან კავშირის დარღვევაა, ამიტომ ბაღისთვის მომზადების დროს აქცენტი უნდა დასვათ ე. წ. „მე და შენ კონტაქტზე“ – იმაზე, რომ საბავშვო ბაღში სიარული დედისა და შვილის ურთიერთობას ვერ შეცვლის. მაგალითად, უთხარით პატარას: „მე სამსახურში (ან მაღაზიაში) მივდივარ, შენ – ბაღში, საღამოს კი ისევ ერთად ვიქნებით”, ან “შენ ბაღში წახვალ, იქ გაერთობი, ითამაშებ, გაიცნობ ბავშვებს, მერე კი ისევ ერთად ვიქნებით”. ესე იგი უნდა აღნიშნოთ განშორების ფაქტი და წინადადება აცილებლად დაასრულოთ სიტყვებით “ისევ ერთად ვიქნებით”. ასე პატარა ბაღს განშორების მიზეზად აღარ აღიქვამს და მის მიმართ გაუჩნდება არა პროტესტი, არამედ ინტერესი.“- აცხადებს ლიკა თუშიშვილი.
გახსოვდეთ, პირველი დღეები ბავშვების უმეტესობას მძიმედ გადააქვს, ამიტომ წინასწარ მომზადებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ გაატარებთ სააღმზრდელო პროცესის პირველ დღეებს. არსებობს გერმანული მოდელი- დაახლოებით ორი კვირა მშობელი შვილთან ერთად დადის ბაღში, რჩება ჯგუფში, მასთან ერთად თამაშობს, ეკონტაქტება სხვა ბავშვებს... ბავშვი ამ ასაკში სამყაროს დედის პრიზმაში აღიქვამს. როცა ხედავს, რომ დედა თავს კარგად გრძნობს, თავადაც მშვიდდება. თუ დაინახეთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ პატარა ხალისით ჩაერთო თამაშში და უცხოობას ვეღარ გრძნობს, შეგიძლიათ, თამამად დატოვოთ ბაღში. თუ არა – ტაქტიკა შეცვალეთ. როგორც კი დაინახავთ, რომ ბავშვი რაღაცით დაინტერესდა, ბაღიდან წამოიყვანეთ, თუნდაც თავად წინააღმდეგი იყოს, თანაც აუცილებლად აუხსენით, რომ საქმე გაქვთ, ამიტომ ბაღში ვერ დატოვებთ. ასევე მოიქეცით მეორე დღესაც. საბოლოოდ ბავშვი თვითონვე შემოგთავაზებთ, თქვენ საქმის მოსაგვარებლად წახვიდეთ, ის კი სათამაშოდ დატოვოთ. ეს ადაპტაციის ძალიან კარგი მოდელია.
„ხშირად მშობლები შვილს აკრძალულ წინადადებებს ეუბნებიან. მაგალითად, თუ ბავშვი ჭირვეულობს, თქმა „აღარ მოვალ“, „დაგტოვებ“ არამც და არამც არ შეიძლება. ბავშვს ისედაც ეშინია და თუ მშობელმა ამაზე ყურადღება გაუმახვილა, შესაძლოა, შიშები, ღამის ენურეზი, ენკოპრეზი (შარდისა და განავლის შეუკავებლობა) და სხვა აშლილობები განუვითარდეს. “დამღალე”, “თავი ამატკივე”, “აღარ შემიძლია” – ეს წინადადებებიც უნდა ამოიღოთ სიტყვახმარებიდან, მეტადრე – ადაპტაციის პერიოდში. პირიქით, უნდა დაანახოთ შვილს, რომ მისი ბაღში სიარული გახარებთ და გჯერათ, რომ ყველაფერი გამოუვა. გაამხნევეთ ასეთნაირად: “შენ შეძლებ დამოუკიდებლად ჭამას, თამაშს, ხატვას, მერე მაჩვენებ და მე შენით ვიამაყებ”.- ფსიქოლოგის განმარტებით, ასეთი სირთულეები ზოგჯერ უფრო ადრინდელი პერიოდით არის განპირობებული.