მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც სკოლის მასწავლებლები ისე მოსწავლეები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთ აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს, მასწავლებელთა დაახლოებით 14% და მოსწავლეთა 40% და მეტი.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მასწავლებლებმა თეორიულად იციან, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ, თუმცა დასძენს, რომ საჭიროა ამ კუთხით მასწავლებლების გადამზადება და მშობლებთან კომუნიკაცია.
„მასწავლებლებმა თეორიულად ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოზიტივი გვაქვს იმ მხრივ, რომ სკოლაში, სადაც მანდატურები არიან, თუნდაც ხელით შეხება – არა ცემა, არა დარტყმა, არამედ ხელის შეხება შინაგანაწესის დარღვევად ითვლება და ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სკოლები დატოვეს მასწავლებლებმა, რომლებსაც მშობლები ეფარებოდნენ და მისი სკოლაში დარჩენა სურდათ. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შემთხვევები, სკოლის პერიმეტრის შიგნით იქ, სადაც არიან მანდატურები და ან იმ სკოლებში, სადაც ჩვენ გვყავს შესაბამისი მიმართულებით პასუხისმგებელი პირი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმამდეა დასული და ყველა შემთხვევა რომელიც მოხდა ჩვენ შევისწავლეთ. წელს 2 თუ 3 მასწავლებელია ამის გამო გათავისუფლებული, წინა წლებში იყო 8–12. თუკი დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ამ შემთხვევაში არანაირი სხვა სანქცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის პროფესიიდან უნდა წავიდეს და არ ჰქონდეს ამ პროფესიაში შემოსვლის უფლება”, განაცხადა ლია გიგაურმა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.