07 მარტი, 2018
„ჩემი 16 წლის ნალოლიავები, სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა!“ - ქართველი გოგონას სულისშემძვრელი სტატუსი
სოციალურ ქსელში დღეს, ფეისბუქმომხმარებელის, სალომე შონიას შოკისმომგვრელი სტატუსი გავრცელდა. გოგონა წერს რომ მისი 16 წლის ძმა რამდენიმე დღის წინ მერვე სართულიდან „ლურჯი ვეშაპის“ ზემოქმედების გამო გადმოხტა.
ეს არის სექტა "ლურჯი ვეშაპი", («голубой кит») რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით.
რატომ ვწერ?
2018 წლის 5 მარტს, როდესაც მშვიდად ვსეირნობდი მილანის ქუჩებში, სასტუმროში დაბრუნებულს დამხვდა ჯოჯოხეთური ამბავი. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! ჩემი სანდრო, რომელსაც სიმაღლის ისე ეშინოდა, რომ ლიფტის 5 თეთრსაც ვერ ჩამოგიგდებდა, სულ რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგჭირვებოდა!
ჩემი სანდრო, რომელსაც დაბადების წამიდან თვალებში შევციცინებთ და მის სუნთქვას ძილშიც კი ყურს ვუგდებთ! ჩემი სანდრო, მე რომ დავარქვი სახელი და მის ამ ქვეყნად მოვლენამდე "ძმას ვფიცავართქო" ვიფიცებდი და თავი უკვე დიდი მეგონა, უფროსი და ვხდებოდი! ჩემი სანდრო, რომელსაც ინდიგოს ვეძახი და ჩემი პირადი Google-ია, ყველაფერი რომ იცის სამყაროში და იმის იქითაც!
აი ასეთ სანდროზე ვიგებ, რომ მერვე სართულიდან გადახტა!
გ ა დ ა რ ჩ ა! სასწაულად, ისიც ისე გადარჩა, რომ გონებაც არ დაუკარგავს და საოპერაციომდე კომუნიკაბელური იყო! დღეიდან სანდრო ტერმინატორი დავარქვი.
ახლა კი რაც შეეხება მისი ქავერის ფოტოს და ადამიანებს, რომლებსაც გულები გაქვთ რეაქციებად! ვეჭვობ თქვენც ამ ლაბირინთში ხართ დაკარგული და დროა ვინმემ ხმა ამოიღოს! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ.
ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ!
ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და მსხვერპლის ოჯახზე ყველა დეტალი!
მივმართავ ყველას, დროა ამ კოშმარზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გადაჭრის გზები მოვიძიოთ და სკოლებში ბავშვებსა და მშობლებს ავუხსნათ რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები, სრულიად უკონტროლო ინტერნეტ სივრცეში.
ეს ყველას ეხება!
დაიბლოკოს საიტები, გაკონტროლდნენ მოზარდები ინტერნეტსივრცეში.
კრიმინალი ვირტუალურ სამყაროში გადავიდა და ამაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს! კიდევ რამდენი მფრინავი ბავშვია საჭირო, რომ იმოქმედოთ?!
საქართველოს მთავრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პ.ს. "ლურჯი ვეშაპის" ადმინისტრატორებს და შემქმნელებს კი ერთ რამეს ვეტყვი! დღეს მოწერეს "კიდევ არ გადმომხტარხარო?" ხოდა მისმინე შე ...! სიცოცხლის ბოლო წამამდე შენს ძებნაში ვიქნები და გპირდები, მოგაგნებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ დაჩოქილი შემევედრები რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო!