16 აპრილი, 2018
როდის ატყუებენ შვილები მშობლებს?
ფსიქოლოგების აზრით, ტყუილი ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად ტყუილის ცუდი მხარისა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს წარმოსახვის დიდი უნარი აქვს.
ტყუილის თქმას ბავშვებში ძირითადად მშობლების მიერ დაწესებული აკრძალვები იწვევს. ასევე მშობლები ხშირად უბიძგებენ შვილებს რომ მოიტყუოს, რადგან მათ წინაშე წარმოუდგენელ ამოცანებს სახავენ.
წარმოიდგინეთ შვილი, რომელსაც ავალებთ ისეთ რაღაცას რისი გაკეთება არ შეუძლია ან უბრალოდ არ აინტერესებს, რა გზას უნდა დაადგეს, რომ დასჯას გადარჩენს? - თუნდაც დროებით... ამ დროს შესანიშნავი გამოსავალია ტყუილი. ხშირად შვილები იმიტომ იტყუებიან რომ მშობლები მათგან პირველობას ითხოვენ. ყველა მშობელს აქვს სურვილი, რომ მათი შვილი თანატოლებში პირველი იყოს, როგორც სწავლის ასევე ქცევების თვალსაზრისით. როგორ იქცევა ბავშვი თუ კლასში მასზე ნიჭიერი ბავშვებიც არიან? - ატყუებს მშობელს საკუთარი ნიშნების შესახებ და მერე დედას უკვირს თუ რატომ მოიტყუა ბავშვმა.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი ტყუილს გადააჩვიოს, ფსიქოლოგები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობენ.
პირველ რიგში მშობლებმა შვილებს უნდა წაუყენონ რეალისტური, შესრულებადი და სამართლიანი მოთხოვნები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ შვილის ინტერესები, რა მოსწონთ მათ და ხომ არ არის თქვენს მიერ შეტავაზებული საქმე მისთვის უინტერესო.
ხშირად შეაქეთ ბავშვი ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც კარგად გამოსდის. დაძლიეთ სიმკაცრე და სხვადასხვანაირი დასჯის მეთოდები. იყავით უფრო ლმობიერი შვილების მიმართ...
და რაც მთავარია, არასოდეს მოასმენინოთ შვილს თქვენს მიერ ნათქვამი ტყუილი, თუნდაც ეს ხუმრობა იყოს... გახსოვდეთ, რომ შვილისთვის მთავარი მაგალითი მშობელია და მერე დანარჩენი სხვა.