მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ნიცა თვაური, 15 წლის, თბილისი
სპორტი
„იმის გარდა, რომ სკოლის მოსწავლე ვარ, სპორტით ვარ
დაკავებული, კერძოდ კი მეკლდეურობით. მეკლდეურობა არის ცოცვა ხელოვნურად გაკეთებულ
კედელზე, რომელზეც სხვადასხვანაირი ხელმოსაჭიდებია დამაგრებული და ისინი განლაგებულია
სირთულის მიხედვით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კლდეზე ცოცვა. ახლაც ვცოცავთ ნამდვილ
კლდეებზე, მაგრამ რახან თბილისში ამის დიდი შესაძლებლობა არ არის, დარბაზში ვარჯიში
გვიწევს.
დედაჩემი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ერთადერთი ქალი, სპორტის ოსტატი, რომელიც არა ხელოვნურ, არამედ ნამდვილ კლდეზე ცოცავდა. ასევე, მამაჩემი საქართველოს ჩემპიონია მეკლდეურობაში. ჩემი უფროსი და-ძმაც ამ სპორტში არიან.
მეც 6 წლის ასაკიდან ამ სპორტში ვარ, მაგრამ სერიოზული ვარჯიში ბოლო 4-5 წელია დავიწყე. როცა პატარა ვიყავი სერიოზულად ვერ ვეკიდებოდი, უფრო ვერთობოდი ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო სერიოზული დამოკიდებულება გამიჩნდა. თუმცა, იყო რაღაც მომენტი, როცა თავის დანებებას ვაპირებდი, ერთი, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს სპორტი და მეორე ფსიქოლოგიური ტრავმები, როცა გპირდებიან საზღვარგარეთ შეჯიბრზე გაშვებას, შენ ამისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ემზადები, ვარჯიშობ, პასუხისმგებლობას გრძნობ და აღმოჩნდება, რომ ვერ მიდიხარ დაფინანსების არქონის გამო.
8 წლის ვიყავი პირველად საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში. მას მერე, ჩემს ასაკში პირველი ადგილი არასოდეს დამითმია. დიდებში კი პირველად 11 წლისამ მოვიგე. მოკლედ, ყველა შეჯიბრში ვიღებდი მონაწილეობას, რაც კი ტარდებოდა.
10 წლის ვიყავი ავსტრიაში რომ წავედი „ევროპის ფესტივალზე“, სადაც 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ყველა მონაწილეს აჯილდოვებდნენ და ამდენი ქვეყნის წარმომადგენლიდან 23-ე ადგილი ავიღე.
ჩემ გარშემო ადამიანები რომ იგებენ რითი ვარ დაკავებული მეუბნებიან „ვა, ეს ბიჭების სპორტი არ არის?!“ ანუ შეიძლება იციან რომ მეკლდეურობა არსებობს, მაგრამ არ იციან, რომ გოგოც შეიძლება ამით დაკავებული იყოს. როდესაც სკოლაში გაიგეს პირველად ავსტრიაში რომ მივდიოდი, მაშინ კლასელები აღშფოთდნენ, რომ გოგო რატომ მიდის, აქ ბიჭებიც არიანო. მე კი ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, მთავარია მოგწონდეს და გიყვარდეს ეს საქმე. თუმცა, მიაჩნდათ, რომ მეტი ძალა სჭირდებოდა ამ სპორტს და ამიტომ თვლიდნენ „ბიჭების სპორტად“. მე კი მიკვირს - გოგოს არ შეიძლება ძალა ჰქონდეს?!
ზოგადად სპორტის ბევრი სახეობა მომწონს და მიზიდავს, ვთამაშობ ფეხბურთსაც, კალათბურთსაც, რაგბისაც. რამდენიმე დღის წინ სპეციალურად წავედი მშვილდის სასროლად და ძალიან ვისიამოვნე. მას შემდეგ, რაც მულტფილმი „Bრავე” ვნახე ბავშვობაში, სულ მინდოდა მშვილდის სროლა და ოცნება ავიხდინე. მოყვარულის დონეზე ყველა სპორტი მინდა გამოვცადო, მალე ჩოგბურთის თამაშიც მინდა დავიწყო.
სკოლა
ავსტრიის ფესტივალიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი კლასელები ბუშტებით და შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რაც თავისთავად ძალიან გამიხარდა, თუმცა საჩუქარი სახლში მისვლამდე არ გამიხსნია. საღამოს კი, როცა გავხსენი შიგნით ფეკლაიებით დასვრილი ქაღალდები დამხვდა. ისე განვიცადე ეს ამბავი, ვტიროდი და ამ ამბის მერე სკოლაში წასვლა აღარ მინდოდა. მათ ალბათ შური ამოძრავებდათ.
სწავლასა და სპორტს რაც შეეხება, არის საგნები, რომლებსაც არ ვსწავლობ, მაგრამ რაც მე მომწონს და მინდა ყველაფერს ვსწავლობ. აი, კატეგორიულად არ ვსწავლობ მათემატიკას და რუსულს. მათემატიკის მასწავლებელთან კონფლიქტი მქონდა და ამის გამო, ხოლო რუსული არ მიყვარს იმიტომ, რომ ის ოკუპანტი ქევყანის ენაა. ხშირად გაკვეთილებსაც ვაცდენ და მხოლოდ იმ გაკვეთილებს ვესწრები, რომლებზე ყოფნაც სასიამოვნოა და ამავდროულად ტურიზმისთვისაა აუცილებელი.
სკოლაში სხვადასხვა პრობლემებია, უმთავრესი კი ალბათ სანიტარულ-ჰიგინეური პირობებია. ვისურვებდი, რომ ჩვენი ბუფეტი და ტუალეტი სუფთა ყოფილიყო. ეს ალბათ ყველა სკოლის პრობლემაა. ასევე, მინდა, რომ მასწავლებლებმა თავისი პრობლემები ნაკლებად მოგვახვიონ თავს.
სამომავლოდ, მინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარო ტურიზმზე. ამასთან, მეკლდეურობასაც თავს არ დავანებებ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ყოველშემთხვევაში, თუ სერიოზულად არ ვიქნები ამაში ჩართული, სამოყვარულო დონეზე, მაინც სულ ვიცოცებ. ჩემთვის ცოცვა უდიდესი სიამოვნებაა. როგორც კი ფეხს ავდგამ კედელზე, სულ სხვა სამყაროში ვხვდები. არაფერი მესმის ირგვლივ, ჩემს სამყაროში ვარ, რომელშიც ძალიან მსიამოვნებს ყოფნა. არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, პირიქით, ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ის სამყარო სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან.“
პროექტი: #ქალებისაქართველოდან
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური