23 აპრილი, 2018
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა - საინტერესო ფაქტები
დღესასწაულს საფუძველი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში ჩაეყარა. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ.
იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მყიდველი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.
მართალია, დღესასწაულის დაარსებას წიგნების გაყიდვის იდეა უძღოდა წინ, მაგრამ ამ ფაქტს რომ ხალხი არ გაეღიზიანებინა გილდიის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა...23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ და ამავე დროს, ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა.
1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ამ დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.
წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე, საქართველოში…
2003 წლიდან „წიგნის დღე“ ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.