1. დაბადება – თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.
2. ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.
3. არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.
4. ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს… ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი… ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით – გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა – ამას აღარაფერი ეშველებაო – და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.
5. სატირა ცხელი წყალია, იუმორი-თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო.
6. დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.
7. ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.
8, დედამიწა ის სულელი სახედარი როდია, იმდენი აიკიდოს, რამდენსაც ვერ ზიდავს. არც ის ხეა, იმდენი მოისხას, რომ ტოტები დაემსხვრეს. დედამიწა კანიბალია, იგი თვისივე სხეულით იკვებება.
9. ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.
10. ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისას. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში: “უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი”. საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვიდრე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ