20 ოქტომბერი, 2017
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი მოზარდთან?- ფსიქოლოგების რჩევები „გარდატეხის ასაკთან“ დაკავშირებულ კრიზისზე
„გარდატეხის ასაკი“ - ასე უწოდებენ ცხოვრების იმ პერიოდს, რომელზეც გადავიდა თქვენი შვილი. ეს მაშინ გვახსენდება, როცა ჩნდება პრობლემები ურთიერთობებში, გაუგებრობა, მეტად გამოითქმის პრეტენზიები, აგრესია, უხეშობა. ერთმა ბრძენმა თქვა: "ორ მოჩხუბარს შორის ყოველთვის ის არის დამნაშავე, ვინც უფრო ჭკვიანია". გააკეთეთ დასკვნები! იტყვით, რომ ძნელია, თუმცა არავის უთქვამს, რომ აღზრდა მარტივია. ეს ალბათ ყველაზე რთული შრომაა, რადგან აღზრდის პროცესი პირველ რიგში, საკუთარი თავიდან იწყება.
რაც არ უნდა იყოს, შვილთან საერთო ენა უნდა იპოვოთ! სცადეთ მიდგომების სხვადასხვა ვარიანტი და შედეგი აუცილებლად იქნება:
სთხოვეთ, მშვიდად გამოთქვას პრეტენზიები, არგუმენტირებულად. უთხარით, რომ გაითვალისწინებთ მხოლოდ ფაქტებს და მტკიცებულებებს. როგორც წესი, ადამიანები ერთმანეთში ურევენ ფაქტებსა და ემოციებს, ამიტომ საუბარში ემოციები გვერდზე გადადეთ.
ეცადეთ, აგრესიულად განწყობილი ბავშვის გონება დადებით ემოციებზე გადაიყვანოთ, მაგალითად, მოულოდნელად სთხოვეთ რჩევა ან სულ სხვა თემაზე ჰკითხეთ რაიმე, ისეთზე, რაც ბავშვს აინტერესებს. მთავარია, მოულოდნელი ილეთებით დაუცხროთ აგრესია, ოღონდ, მისი განწყობა რომ პოზიტიურისკენ შეიცვალოს.
ეცადეთ, ბავშვი უარყოფითად არ შეაფასოთ, საკუთარი გრძნობები გაუმხილეთ. არ უთხრათ: "შენ მე მატყუებ", ჯობს ასე: "მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ". არ უთხრათ: "შენ უხეში ადამიანი ხარ", ჯობს: "ძალიან მაღელვებს ის, თუ როგორ მელაპარაკები".
ყველაზე მთავარი: იმეგობრეთ თქვენს შვილთან, თანაც ადრეული ასაკიდან, რომ მერე შესაბამისი შედეგი მიიღოთ. ყოველთვის მოუსმინეთ, ასწავლეთ გაგიზიაროთ თავისი გრძნობები, ამბები. არ დასაჯოთ და ეჩხუბოთ სიმართლის თქმის გამო, თორემ მეორედ სიმართლეს აღარ იტყვის. ჯობს ყოველთვის მშვიდად და მისთვის გასაგებად აუხსნათ ყველაფერი. მას თქვენი ნდობა უნდა ჰქონდეს და აუცილებლად - პატივს უნდა გცემდეთ. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.