13 ივნისი, 2018
„მზიურში“ გიგის ჯიხური გაქურდეს: „ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?“
15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე ავრცელებს:
„ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?
გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს-ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო-მიდის და ქურდავს.
გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან.“ - წერს ჯიბლაძე.
Etaloni.ge დეტალების გასარკვევად გიგის დედას, თამარ გვარიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განგვიცხადა, გაქურდვის ორი შემთხვევა ერთი კვირის ფარგლებში მოხდა:„გიგის დილით ჯიხურიდან წვენსაწური წაღებული დახვდა. ჯიხურის ფანჯრები საკმაოდ ადვილად იღება. ორი წვენსაწურის ნაცვლად დაგვხვდა ერთი. იმავე კვირას, თანხა იმ დროს წაიღეს, როცა გიგი იქვე იყო. როგორც ჩანს, დახლზე დადო და ერთი დღის ნავაჭრი თანხა ცხვირწინ ააცალეს. შსს დაგვპირდა, რომ გიგის ჯიხურს კამერას დაუყენებენ,“- განაცხადა თამარ გვარიშვილმა.