21 ივნისი, 2018
„ბუნებაში გასვლის წინ სპეციალური ხსნარი უნდა წავისვათ და ტკიპა არ მოგვეკარება“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, ივნისის ბოლოდან დაიწყებენ მწერები გააქტიურებას და საჭიროა რეპელენტების (სპეციალური დამაფრთხობლები) მოხმარება.
„ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს დაიცავს არა მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.