29 ივნისი, 2018
მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს
დღეს მედიის წარმომადგენლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მაია მიმინოშვილთან ერთად, ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.
მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადდნენ.
„საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. პირობითად ვამბობ, თუ 09:00 საათზე იწყება გამოცდა, აბიტურიენტი აუცილებლად 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. მინდა, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ და რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე მითითებული ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი ან დრო ეშლება აბიტურიენტს,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი კალამი და წყალი. მაია მიმინოშვილმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა აბიტურიენტები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიტანონ გამოცდაზე მობილური ტელეფონი:
„აბიტურიენტს შეუძლია, გამოცდაზე მოიტანოს წყალი პლასტმასის ბოთლით. გაზიანი წყალი არ შეიძლება, რადგან გახსნის დროს პრობლემები იქმნება. ვურჩევდი აბიტურიენტებს, წინა საღამოს საყინულეში შედგან ბოთლი და საგამოცდო ცენტრში გაყინული წყალი მოიტანონ. აქ დავახვედრებთ ცივ წყალსაც. თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი, ასევე კალამი, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ საკუთარი კალმით ურჩევნიათ დაწერა. მეტს სექტორში ვერაფერს შეიტანენ. მინდა, ყველა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების შეტანის მცდელობისგან. მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მაია მიმინოშვილმა კონდიცირების სისტემაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის გამართლების შემთხვევაში, მომავალ წელს კონდიცირება ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.
„რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, რომ კონდიცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ პილოტირების რეჟიმი წელს დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან. პილოტირების რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ თუ ამ ყველაფერმა გაამართლა, მომავალი წლისთვის საგამოცდო ცენტრებში მთლიანად ინფრასტრუქტურა მომზადდეს,“- აღნიშნა მაია მიმიმოშვილმა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი წელსვე აღჭურვილიყო კონდიცირების სისტემით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ამ კითხვას განათლების სამინისტრომ უნდა უპასუხოს.
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, წელს საგამოცდო ცენტრებმა უმაღლესი სასწავლებლებიდან საჯარო სკოლებში გადაინაცვლა:
„22 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ ერთია განთავსებული ბათუმის უმაღლეს სასწავლებელში. დანარჩენი საგამოცდო ცენტრები, ძირითადად, გარეუბნების სკოლებშია განლაგებული. გარეუბნების სკოლები შევარჩიეთ იმიტომ, რომ ეს შენობები გვაძლევენ შესაძლებლობას, მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩავატაროთ მთელი ეს პროცესი და აკმაყოფილებენ საგამოცდო ცენტრებისთვის აუცილებელ ძალიან ბევრ კრიტერიუმს. ყველა ამ შენობას აქვს დიდი და მაქსიმალურად გამწვანებული ეზო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში. რეგისტრაცია დაიწყება არა შენობიდან, არამედ ეზოს შემოსასვლელიდან“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება. გამოცდებზე 39000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.