02 ივლისი, 2018
შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც სკოლაში ბულინგის შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს - ლია გიგაური
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის
განცხადებით, მათი უწყების მიერ შემუშავებული სტრატეგია სკოლებში ბულინგის
შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.
როგორც ლია გიგაურმა
ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტრატეგია იმ მონაცემებს ეყრდნობა, რაც
კვლევის შედეგად მიიღეს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისა და
მშობლების მხრიდან.
„ეს ეხება როგორც სავალდებულო პროგრამებს
სკოლაში და ფორმალურ განათლებაში, ასევე სერვისებს, რომლებსაც მოსწავლეებს
უსაფრთხოების დასაცავად და შემდგომი რეაბილიტაციისთვის შევთავაზებთ. იქნება
ისეთი აქტივობები, რომელიც თავისუფალი დროის სრულ მენეჯმენტს
განახორციელებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავისუფალი დრო ეფექტიანად
გამოიყენონ. პროგრამები, რომლებიც იანვრიდან ხორციელდება, გაგრძელდება. ეს
არის ის სტრატეგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ბულინგის შემთხვევებს
სკოლაში. მთლიანად აღმოფხვრას რაც შეეხება, არ არსებობს მოსწავლეებისა და
მოზარდების ისეთი თავშეყრის ადგილი, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ
არსებობდეს. ჩვენი მიზანია, რომ შევამციროთ მაქსიმალურად და ასეთი
შემთხვევები ნულამდე იყოს დაყვანილი“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე პარლამენტის
განათლების კომიტეტში მსჯელობენ. სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორ ეტაპიანი კვლევის საფუძველზე
შეიმუშავა. კვლევის პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე 35 000
მოსწავლე გამოიკითხა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე შესწავლილ
იქნა საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება. პრეზენტაციის ფარგლებში
წარმოდგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა ბულინგის
აღმოსაფხვრელად.