06 ივლისი, 2018
14 წლის ქართველი ბიჭის საოცარი ისტორია, რომელსაც ბაბუამ სიკეთის საკეთებლად ფული მისცა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებელი ინგა ბერიკაშვილი საოცარ ისტორიას აქვეყნებს:
„აფთიაქში რიგში დგას დაახლოებით 14 წლის ბიჭი, წინ - მოხუცი პაპა, რომელმაც წამალი უკან დააბრუნა, რადგან ფული არ ყოფნიდა. და ამ დროს რა ხდება, იცით?
ფარმაცევტიდან დაწყებული, ამ პატარა ვაჟკაცით დამთავრებული ყველამ ჭიდაობა დავიწყეთ, რომ გადაგვეხადა წამლის ფული. სულ 27 ლარამდე იყო...
ეს პატარაკაცი ყველაზე მეტად აქტიურობდა და პაპას ეუბნებოდა, ბაბუამ მაჩუქა ფული და სიკეთის გაკეთების უფლება მომეციო. ვიდექი ბედნიერებისგან გაღიმებული, ეს პაპა ოდესღაც დამსახურებული პედაგოგი იყო, იყო კი არა, არის, პირადად ჩემთვის სკოლის პედაგოგი მშობლისგან არაფრით არ განსხვავდება, რადგან ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ ამ შენობაში გადის!
სამწუხაროა, რომ ამ პატარა კაცმა არ გადამაღებინა სურათი და მითხრა, რომ მეც დავბერდებიო,და რა ვიცი როგორი სიბერე მექნებაო....
აი, ეს ბავშვი, ასეთი მაგარი კაცი რომაა, მისი მშობლების დამსახურებაა, ალბათ ის არც მშობლებს ეტყვის არაფერს, მაგრამ ის უკვე შემდგარი კაცია. ამიტომ ვამბობ, კაცად იბადებიან, ვერ გახდებიან!
ასევე "ჯიპისის" აფთიაქის ფარმაცევტიძალიან მაგარი ადამიანია, რომელმაც მითხრა, რომ მე არ მიჭირსო, სტაჟის გამო ვმუშაობ და ხშირად ხელფასს აქ ვტოვებ, იმდენი გაჭირვებული პენსიონერი შემოდისო...
ამდენს იცით, რატომ ვწერ?
აი, ესაა საქართველო!
აი, ამას ვერ წაშლიან, რაც არ უნდა გრანტები აბნიონ!
აი, ასეთი საქართველო მიყვარს!
პაპა სახლამდე მივაცილეთ, სახლში ინვალიდი მეუღლე უცდიდა...
პაპას ცრემლიანი თვალები არასოდეს დამავიწყდება და მისი ლოცვა ჩვენთვის დღეს, ვისაც მასთან შეხება გვქონდა, ყველაფერს გვერჩივნა...
ეს ჩვენი საქართველოა!
ძალიან ნიჭიერი, კეთილი და მოსიყვარულე თაობა გვეზრდება და ცუდი ფაქტების გამო ყველას ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ!
უბრალოდ ყველას თავისებური მიდგომა უნდა, თორემ ბოროტი ბავშვი არ არსებობს, ბოროტად საზოგადოება აყალიბებს ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა!"