09 ივლისი, 2018
„მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო,“ - რა თემები შეხვდათ აბიტურიენტებს ინგლისური და რუსული ენების გამოცდაზე
საგამოცდო ცენტრებიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას უცხო ენების, ინგლისურისა და რუსულის გამოცდას აფასებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას.
თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ვოვა ბასილაური ინგლისური ენის გამოცდას აფასებს:
„ინგლისურის თემა იყო მუშაობაზე - რა ჯობია საინტერესო სამსახური თუ მაღალი ანაზღაურება. დავწერე ყველაფერი კარგად. საგამოცდო ცენტრში ციოდა და ბოლოს დამკვირვებელს კონდიციონერის ტემპერატურის აწევა ვთხოვეთ. მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ მაინც დავიჭირე რაღაც სიტყვები.“
„რუსული ენის გამოცდაზე შემდეგი თემა შემხვდა: რატო უნდა იღებდეს ადამიანი საზღვარგარეთ განათლებას, თემის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა დაგვეწერა. მოსასმენ დავალებაში 5 სხვადასხვა თემა იყო და კითხვები. საბოლოო ჯამში, რუსული ენის გამოცდის დაწერა არ გამჭირვებია,“ -
თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი მარიამ ჯოლოგუა.თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო კვანტალიანი ინგლისური ენის გამოცდას აფასებს:
„გააჩნია ვისთვის როგორ, ჩემთვის მარტივი იყო. მცოდნე ადამიანი დაწერდა თავისუფლად. „ლისენინგებიც“ მარტივი იყო. აუდიტორიაში გრილა, მშვიდი გარემოა და მთლიანად კონცენტრირებული ხარ ტესტზე.“
თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ანა დელიბაშვილი საშუალო სირთულით აფასებს ინგლისურის ტესტს:
„მაღალი ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია თუ საინტერესო სამსახური - ეს იყო თემა. მოსასმენი დავალება ძალიან მარტივი იყო და რამდენიმე თემას შეეხებოდა, რაც მახსოვს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სერფერებზე იყო. საშუალო სირთულის ტესტი იყო, პირადად მე, არ გამჭირვებია.“
„თემა არ დამიწერია. „ლისენინგი“ იყო რაღაც ცხოვრებისეულ თეორიებზე, ჩასასმელი და შემოსახაზები მარტივი იყო“ -
თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიორგი მღებრიშვილი.თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტის გაბრიელ ერულაშვილის შეფასებით, რუსული ენის გამოცდა არ იყო რთული:
„გრილოდა და სიმშვიდე იყო აუდიტორიაში. მე რუსული ენის გამოცდა ვწერე, არ გამრთულებია. მოსასმენი მასალა ბავშვთა სახლში გაზრდილ გოგონებზე იყო, თემა არ მახსოვს, არ დამიწერია, დანარჩენი სტანდარტული დავალებები იყო.“
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.